თენგო თევზაძე - ცესკო-სგან ვითხოვთ სიის ჩახსნას და შემდეგ მივმართავთ პარლამენტს მანდატების გაუქმებაზე, პირველ რიგში ე.წ. პარლამენტისთვის რომ მიგვემართა და ჩაეხსნა, ადგილმონაცვლეობით უნდა შესულიყვნენ
დღეს ცესკო-ში ჩავაბარეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ პარტიული სიის ჩახსნას და ამის შემდეგ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მოვითხოვთ ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენი განცხადებების საფუძველზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
როგორც თენგო თევზაძემ აღნიშნა, პარტიაში ყველა ამბობს უარს საკუთარ მანდატზე.
„„კოალიცია ცვლილებებისთვის“ არის პასუხისმგებლიანი პარტია. ჩვენ დღეს ცესკო-ში ჩავაბარეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ პარტიული სიის ჩახსნას და ამის შემდეგ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ის დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილება ცნო ე.წ. საქართველოს პარლამენტმა, მოვითხოვთ ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენი განცხადებების საფუძველზე. რატომ ვაკეთებთ ამ თანმიმდევრობით? იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოვუსპოთ რაც შეიძლება მეტი რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა და პერიოდი. ჩვენ გვინდა, ჩავხსნათ სია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამისთვის აქვს 3-დღიანი ვადა, თუმცა მოვუწოდებთ ცესკო-ს თავმჯდომარეს, ეს გააკეთოს ხვალვე, რათა მან არ შეუწყოს ხელი და არ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის კონსტიტუციურ გადატრიალებაში, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ბოლო დღეებისა და არჩევნების შემდეგ პერიოდში. ამის შემდეგ ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვითხოვთ ჩვენი მანდატების გაუქმებას. პირველ რიგში რომ მიგვემართა საქართველოს ე.წ. პარლამენტისთვის და ჩაეხსნა, შემდეგ ადგილმონაცვლეობით უნდა შესულიყვნენ ახალი ადამიანები, ის ადამიანები, ვინც სიაშია. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს თანაპარტიელებს, ამიტომ 1-ელიდან 82-ის ჩათვლით გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოვიტანეთ ინდივიდუალური განცხადება, სადაც ყველა ამბობს უარს მანდატზე, იქიდან გამდინარე, რომ მოვიგოთ დრო და შევასრულოთ ჩვენი სიტყვა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ყოველთვის შეასრულებს იმ სიტყვას, რასაც დაჰპირდება ამომრჩეველს. მოვუწოდებთ სხვა ოპიზიციურ პარტიებსაც, მიიღონ ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თენგო თევზაძემ.