თენგო თევზაძე - არჩევნებში ვინც მიიღებს მონაწილეობას, გაუჭირდება კამპანიაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აღგვიქვას როგორც პრინციპული პარტია, რომელიც იცავს სიტყვას
ჩვენს ხელში არის ბერკეტი – თანმიმდევრულობა და პრინციპულობა. ჩვენ პრინციპულად და უკანდაუხევლად ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს, ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ წევრმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
თენგო თევზაძის თქმით, სწორედ ეს უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის ამოცანა.
„განა არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა გვაქვს, პირიქით, ჩვენი პოლიტიკური პარტია ყველაზე მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს დღეს საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა, ვამბობთ, რომ ამ ორი მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მზად ვართ, მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მათ შორის, ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და მეორე მხრივ, გვყავს პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც არიან ჩვენი კოალიციის ლიდერები. პოლიტიკური პატიმრების პირობებში, არ ვფიქრობთ, რომ „ოცნებას“ უნდა მივანიჭოთ ლეგიტიმაცია. მას, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რთულია და გაუჭირდება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ჩვენ ვერ დავკარგავთ მორალურ უპირატესობას „ქართულ ოცნებასთან“ და საზოგადოების თვალში. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და პროტესტმა, რომელიც არის უწყვეტი, მტკიცე, აღგვიქვას როგორც პრინციპული, თანმიმდევრული და უკომპრომისო პოლიტიკური პარტია და კოალიცია, რომელიც იცავს საკუთარ სიტყვას“, – აღნიშნა თენგო თევზაძემ.