თენგიზ შარმანაშვილი – როგორი დირექტივაც ჩამოუვათ პატრონებისგან, ისე იქცევიან, ახლა ალბათ დადგა დრო, რომ გაემიჯნონ მიშა სააკაშვილს, ისე იტყვიან უარს ერთმანეთზე, ხელიც არ აუკანკალდებათ
ორი თვე ყოველდღე აანონსებდნენ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ, დაავალეს თავიანთ რეგიონულ ორგანიზაციებს, რომ ეს ხალხი შემოეკრიბათ თავის გარშემო, ჩამოეყვანათ თბილისში. შვიდი ათასი ადამიანი მოაგროვეს, ნახევარ საათზე მეტი ვერ გაძლო აქციამ და დაშლა დაიწყო, ესაა მათი რეალური სახე, ეს არის მათი რეალური მხარდაჭერის მაქსიმუმი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას, შარმანაშვილის თქმით, „ეს პირველად არ მოხდა“.
„სიძულვილის ენა, რომლის კულტივირებასაც ახდენენ, მარტო ჩვენ მიმართ კი არა, ერთმანეთის მიმართაც აქვთ. როდესაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ამ სიძულვილის ენით საზრდოობს და მისი იდეოლოგია ამაზეა დამყარებული, მან უკვე შინაური, გარეული, მეგობარი, თანამებრძოლი აღარ იცის, ყველა ადამიანის მიმართ ასე იქცევა და ეს ნახა მთელმა საქართველომ. ერთმანეთის აუტანლობა იმ დონეზე აქვთ, რომ უკვე მოქმედებაზე გადადიან, მარტო სიტყვიერად შეხლა-შემოხლას არ დასჯერდნენ და უკვე ფიზიკურად მოინდომეს ერთმანეთისთვის პლაკატების წართმევა. როგორი დირექტივაც ჩამოუვათ პატრონებისგან, ბრიუსელიდან ან სხვა ცენტრიდან, ზუსტად ისე იქცევიან. ახლა დადგა ის დრო, რომ გაემიჯნონ მიშა სააკაშვილს. სხვების რა გიკვირთ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე წითლიძემ თქვა, რომ ფორმალურად იყო პარტიაში მიხეილ სააკაშვილი და არაფერს წარმოადგენდაო, ესეც კი განაცხადეს, როცა სასამართლოზე რაღაცის მტკიცება დასჭირდათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ისე იტყვიან უარს ერთმანეთზე და ერთმანეთის თანამებრძოლობაზე, როგორც კი დირექტივა მოუვათ თავიანთი პატრონებისგან, რომ ხელიც არ აუკანკალდებათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.