თენგიზ შარმანაშვილი – პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ქალბატონ რუხაძესაც, მდინარაძესაც

12:36, 15.10.2026

პროკურატურა ვალდებულია, შეამოწმოს, დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას. თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, მდინარაძესაც, ყველას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

კითხვა ეხებოდა კულტურის ყოფილ მინისტრთან, თიკა რუხაძესა და სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელთან, მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის აღნიშნავს: „საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია“.

როგორც შარმანაშვილმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცედურებს.

„ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან უწყინარი იქნება. მთავარია ახლა, რა კითხვები ექნება საქართველოს პროკურატურას, იმიტომ, რომ ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, შეამოწმოს – დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას. თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს. მდინარაძესაც, შარმანაშვილსაც, პეტრიაშვილსაც, ყველას ჰკითხავს, თუ რამე საფუძველი იქნება და ასეც უნდა მოიქცეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მსგავსი