თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციაში ქაოსია, წარმოდგენა არ აქვთ, მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს, მთელი ტაქტიკა რევოლუციაზე ააწყვეს, ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც ვერაფერი გააკეთეს
ოპოზიციაში აბსოლუტური ქაოსია. წარმოდგენა არ აქვთ, მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს. რადიკალურმა ოპოზიციამ მთელი თავისი ტაქტიკა რევოლუციაზე ააწყო, პოლიტიკისგან თავი გაირიყეს და ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც ვერაფერი გააკეთეს. ვინ დაუჭერს მხარს მათ წარმოუდგენელ გეგმებს, რაც დაკავშირებულია ქაოსთან, არეულობასთან? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილის თქმით, „ახლა ვერც მათი პატრონები ლაგდებიან, რა უნდა გააკეთონ და ვერც – თავად“.
„ამ ფონზე შიდა ურთიერთობებიც გამწვავდა, თითქოს მომხრე არ იყვნენ, ასეთი მარგინალური პოლიტიკა ეწარმოებინათ. დაპირისპირება ურთიერთვერატანის ფონზე აქვთ. ერთმანეთს აბრალებენ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომ არასწორი ნაბიჯები გადადგეს? – გულში რაც ჰქონდათ, ახლა იმას ანთხევენ. „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შემოვიდა, ამით სახელმწიფო დაფინანსება დაკარგა, რაც 100-200 ათასი ლარი კი არა, გაცილებით მეტი იყო. შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს თვითმმართველობის არჩევნებს. ყველაფერზე უარი თქვეს და ახლა უკვირთ, რატომ არიან კრიზისში? ეგონათ, საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანა თავისუფლად მოხდებოდა და ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს განავითარებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ვერ გააკეთეს და თან ოფიციალურ შემოსავალზე უარი თქვეს. აბსოლუტური კრახი განიცადეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.