გამოიკვეთა სამი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რეალურად სტრუქტურული ქვედანაყოფები, პარტიული სტრუქტურები და, შეიძლება თეორიულად, საფრთხეს წარმოადგენდეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ამიტომ შევჩერდით ამ სამ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, თორემ ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებითაც შეირჩა ეს სამი ორგანიზაცია, შეიძლებოდა, სხვებზეც გავრცელებულიყო. ვმსჯელობდით იმაზე, რომელ გზას დავდგომოდით. არის ასეთი საერთაშორისო პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენთან სისხლის სამართალშიც არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნიშნები არსებობდეს, თუ ის არსებით საფრთხეს არ წარმოადგენს, მაშინ უცხოეთშიც, დემოკრატიულ ქვეყნებში თავს იკავებენ ასეთ ორგანიზაციებზე ყურადღების გამახვილებისგან. მაგალითად, ადვილად გასაგები რომ იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის, მოწოდება რომ არის ხელისუფლების დამხობისკენ, ყველა მოწოდება არ ისჯება და იქვე არის პრინციპი ჩადებული – თუ ეს მოწოდება არსებით საფრთხეს შეიცავს. ახლა თუ ვიღაცამ თავის ეზოში დაიძახა, რომელსაც არანაირი გავლენა არა აქვს და რეალურად არ შეიძლება, მის მოწოდებას რამე მოჰყვეს, ამას, რა თქმა უნდა, დევნაც არ მოჰყვება. შეიძლება, ეს პირდაპირი პრინციპი არაა, მაგრამ დაახლოებით ესაა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იყო, მისი ერთ-ერთი ლიდერი დაკავებულია სწორედ 4 ოქტომბრის მოვლენების გამო, რაზეც შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მან პიროვნულად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო ორგანიზაციულად სულ ორკაციანი პარტიაა რეალურად და მართლა არაფერს არ წარმოადგენს.
შეკითხვაზე, იყო თუ არა ერთ-ერთი კრიტერიუმი პარტიის სიმცირე და თვლის თუ არა მმართველი გუნდი, რომ, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ფედერალისტებს“ არანაირი გავლენა არ აქვთ, შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო გავლენა, ხოლო ამ ორ პარტიას არანაირი პარტიული სტრუქტურა არ გააჩნია, ისინი ვერანაირ ბარიერს ვერ ლახავდნენ ვერასდროს დამოუკიდებლად ვერცერთ არჩევნებში და, თეორიულად, არც შეეძლოთ, გადაელახათ.
მისი თქმით, პარტიას შეუძლია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გახდეს არაკონსტიტუციური ორგანიზაცია, თუ არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს გადადგამს.
„როდესაც დაადგებით არაკონსტიტუციურობის გზას, იქიდან, შეიძლება, თქვენ წინაშე დადგეს საფრთხე, რომ თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია გახდეს ასეთი სარჩელის ობიექტი. ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით, რომელი ტიპის ორგანიზაციები შეიძლება გახდნენ ობიექტები ასეთი დევნისა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის განაწესის მიხედვით, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და, შესაბამისად, მერე გააუქმებასაც ექვემდებარება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც ეწევა ომის, ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ და ასე შემდეგ შუღლს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა კრიტერიუმით მოხვდნენ სარჩელში პარტიები „ახალი“ და „ლელო“, რადგან, მაგალითად, „ლელო“ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მის ლიდერებს არ ეკავათ თანამდებობები და ასე შემდეგ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში მოცემული კრიტერიუმებიდან, თუნდაც ერთი კრიტერიუმი საკმარისია მსჯელობისთვის, რომ პარტია არაკონსტიტუციურად მოქმედებს.
შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა უმჯობესი, თავად ამომრჩევლისთვის მიენდოთ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების მიმართულება და კონსტიტუციის გზით კი არ მოხდეს პოლიტიკური ძალების აკრძალვა, არამედ ამომრჩეველმა გადაწყვიტოს პოლიტიკური ძალის მომავალი, დარჩეს თუ არა ის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, შარმანაშვილმა განაცხადა, რომ დაეთანხმებოდა, ამას პასუხს თავად კონსტიტუცია რომ არ სცემდეს.
ამასთან, შარმანაშვილმა განმარტა, რომ დაკავშირებული პირები არიან ის პირები, ვისაც ზეგავლენა ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომ არაკონსტიტუციური მართვა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
„აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რიგითი წევრი ვინც იყო ჩხოროწყუში ან ფოთში, მათ კი არ შეეხებათ, ოფიციალურად მანდატიც რომ ჰქონოდათ პარტიის, არის ლაპარაკი იმ ადამიანებზე, რომლებიც დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები იყვნენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციამ სასამართლოს იმიტომ მიანდო საქმე, რომ მან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს მასშტაბები და ხარისხი, რა შეხება ჰქონდა პირს, შეიძლება, ერთზე გადაწყვიტოს, მეორეზე კი – არა, სასამართლო ინდივიდუალურად მიუდგება და გამოიკვლევს საქმეს.
„მე გეუბნებით, რა საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. მხოლოდ იმის გამო, რომ შენი პარტიის წევრი იყავი, თუ ვერ დაგისაბუთა ვინმემ, ვინც შენ გედავება, რომ შენ არსებითად აყალბებდი იმ პარტიის პოლიტიკას, რომელიც არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამდა, რა თქმა უნდა, ამას ვეღარ მოგედავება მომავალში“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
