თენგიზ შარმანაშვილი – აშშ-თან მზად ვართ სერიოზული ურთიერთობებისთვის, პარტნიორულ ურთიერთობას ინტენსიური გამოხატულება არ ჰქონდა, ახლა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზეც დაიწყო საუბარი

11:39, 02.06.2026

რესურსი რომ არ არსებობდეს, ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობას ასე ინტენსიურად არ დაიწყებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ამ ყველაფერს სათავე მისცა საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრამ.

„შემდეგ ბევრი რამ განაპირობა მარკო რუბიოს სატელეფონო ზარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შემდეგ კიდევ სხვა ნაბიჯები გადაიდგა, სადაც ითქვა, რომ ამერიკის მხრიდან შეიქმნებოდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს დეტალურად გაივლიდა. პირველ შედეგებს ხედავთ – განცხადება გაკეთდა და თავიანთი ხედვა უკვე დაგვანახეს. რესურსი შემდეგია – ქართული მხარე, დიდი ხანია, ამბობს, რომ მზად ვართ რეალური და სტრატეგიული პარტნიორობის ნაბიჯების გადასადგმელად. უფრო სერიოზული ურთიერთობებისკენ წასვლისთვის ვართ მზად, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე იყო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ქაღალდზე იყო და მას ინტენსიური გამოხატულება არ ჰქონდა არცერთ ეტაპზე. იყო რაღაც პოლიტიკური მხარდაჭერები და ა.შ. მაგრამ რეალური, ხელშესახები, თუნდაც ეკონომიკის სფეროში, არ იყო. ახლა უკვე ამ სფეროებზეც, ინვესტიციებზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზეც დაიწყო საუბარი და არ შეიძლება, ეს დადებით ემოციებს არ იწვევდეს ნებისმიერ ჩვენგანში“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ამასთან, შარმანაშვილი აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების 25-28 მაისის შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.

შარმანაშვილის თქმით, მოხარულია, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ სათქმელი ოფიციალურად უთხრა „აქაურ რადიკალებს“.

„რაც შეეხება ოპოზიციას, თქვენ თვალწინ სხდომათა დარბაზისკენ ბევრჯერ მაქვს თითი გაშვერილი, რომ აქ 61 კაცი უნდა იჯდეს. ახლა თვითონ ოპოზიციამაც დაიწყო ამაზე ლაპარაკი, შეცდომა ხომ არ დავუშვით, იქ 61 რომ არ ვსხედვართო. ამდენი ხანია, ამას არ ვეუბნებით? შეცდომა მათ დაუშვეს იმთავითვე, როდესაც რევოლუციისკენ აიღეს გეზი და არა იქითკენ, რომ მომზადებულიყვნენ. ეტაპობრივია პოლიტიკაში, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეეცვალათ და ისინი ამისკენ უნდა წასულიყვნენ. ეს არის ცივილიზებული ქვეყნის არსი და კონსტიტუციაც ამას მოითხოვს, მაგრამ ჩვენთან საპირისპირო მოხდა. პარლამენტში არათუ უკვე არჩეული ადამიანები არ შემოვიდნენ და იგნორირება გაუკეთეს თავიანთ ამომრჩევლებს პარლამენტში, იმთავითვე იყვნენ ასე განწყობილი, რომ რაც უნდა მომხდარიყო, უნდა ეთქვათ, რომ ხელისუფლება უკანონოა და მოდით, რევოლუციური გზით გავაგრძელოთ სვლაო. ასეც აკეთებდნენ, ამას ხელს უწყობდნენ.

ამის შემდეგ ადგილობრივ არჩევნებში რადიკალების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არათუ არჩევნების შემდეგ არ შესულიყვნენ საკრებულოებში, საერთოდ არ მიეღოთ მონაწილეობა. ამისკენ არათუ უბიძგებდნენ, რომ არჩევნებში არ ჩაბმულიყვნენ და კონსტიტუციური გზით გადაედგათ ნაბიჯები ხელისუფლებაში სიტუაციის შესაცვლელად, არამედ ამ ყველაფერს წინასწარ ხელს უწყობდნენ. ეს შეცდომა დაშვებული იყო არა აქ, არამედ იმ ხალხისგან, ვისგანაც ეს დაკვეთა მოდიოდა. ახლა ამის აღიარება უჭირთ და ის, რასაც ამერიკა მიუთითებს, ეს ოპოზიციამ უნდა გაიგოს. მიხარია, რომ ეს ამერიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად და ხმამაღლა უთხრა იმას, ვისაც უთხრა. ამერიკამ აქაურ რადიკალებს პირდაპირ უთხრა, მაგრამ ეს მათ გასაგონადაც იყო ნათქვამი, ვინც ამ ხალხს ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი