თენგიზ შარმანაშვილი – აშშ-ის ადმინისტრაციამ USAID-ის გაუქმებისას განაცხადა, რომ ის იყო იარაღი „დიფ სთეითისთვის“, ამ ორგანიზაციის დოკუმენტიდან სიახლე არ გაგვიგია, ამ ყველაფერს გაცილებით ადრე ვამბობდით
გახსოვთ, რა თქვა ამერიკის ადმინისტრაციამ, როდესაც USAID-ი გააუქმა? განაცხადეს, რომ ეს ორგანიზაცია იყო იარაღი, რომლის საშუალებითაც „დიფ სთეითი“ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ერეოდა, პროცესებს აფინანსებდა და ხელისუფლების შეცვლას ცდილობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებულ USAID-ის შიდა დოკუმენტებზე, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ამ დოკუმენტიდან რაიმე სიახლე არ გაგვიგია, ახლა მტკიცებულებები გამოაქვეყნეს.
„ამ ყველაფერს გაცილებით ადრე ვამბობდით და ამას მაშინ ქილიკით ხვდებოდნენ. ზოგიერთი ამბობდა, როგორ შეიძლებოდა, USAID-ი ასეთი საქმიანობისთვის გამოყენებულიყო, მაგრამ ეს ორგანიზაცია შემდეგ გააუქმეს. ამერიკის ადმინისტრაცია განმარტავდა, რომ ეს ორგანიზაცია იარაღი იყო, რათა სხვა ქვეყნებში თავისი მოსაწონი ხელისუფლება მოეყვანათ და მაშინ, ბევრ შემთხვევაში, ეს ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. ანუ, ასეთი ტიპის ცვლილებები „დიფ სთეითს“ კი აწყობდა, მაგრამ, როგორც ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს, ამერიკას არ აწყობდა და ეს მავნე პრაქტიკა იყო. ამერიკის შიდა მოვლენებს თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ ყველა ის მიმართულება, რომელიც ახალ ადმინისტრაციას უნდოდა, ვერ განახორციელა. რატომ? იმიტომ, რომ ის ძალები არსად წასულან, მათი პოლიტიკური მფარველებიც არსად წასულან, საკმაოდ ძლიერები არიან და „დიფ სთეითის“ პრობლემების დაძლევა ბოლომდე თავადაც ვერ მოახერხეს. რამდენი წამოწყება ჰქონდა დონალდ ტრამპს, თუნდაც საშინაო საქმეებში, რომლებიც არ განახორციელებინეს. ამიტომ ასეთ ვითარებაში არ მიკვირს, რომ საქართველოსთან მიმართებით რაღაც ნაბიჯები ჯერ ასე აქტიურად ვერ გადადგეს, რადგან ეს ბრძოლა შიგნითაც მიმდინარეობს და ეს არ იმალება, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს ტრამპიც“, – განაცხადა შარმანაშვილმა.