თენგიზ ცერცვაძე - ვიმედოვნებ, კორონავირუსის შემთხვევების მატებას საქართველო დაძლევს ისე, რომ სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებს
თენგიზ ცერცვაძე - ვიმედოვნებ, კორონავირუსის შემთხვევების მატებას საქართველო დაძლევს ისე, რომ სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ დროისთვის ცხელი წერტილი გარდაბნის მუნიციპალიტეტშია, სადაც დღეს ათი შემთხვევა დადასტურდა.

მისივე თქმით, მიღებულია მყისიერი ზომები და სოფლების მთელი მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს.

„თქვენ გახსოვთ, ადრე იყო კლასტერები, ცხელი წერტილები, ახლა ასეთი არის გარდაბანი, საიდანაც დღეს ათი ავადმყოფი იყო და მთავრობა, როგორც მას სჩვევია, მყისიერ ზომებს იღებს. დაიწყო გარდაბანში მასობრივი გამოკვლევა იმ სოფლების მთელი მოსახლეობის, სადაც ათი შემთხვევა იყო და იმედი მაქვს, რომ ასეთ პატარა მატებებს საქართველო დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იზრდება კლინიკური სექტორის დატვირთვა.

„ჩვენი მოვალეობაა, რომ ამ პაციენტებს გავუწიოთ დროული და ეფექტიანი დახმარება, ეს მცირე მატება, რაც გარდაუვალია ჩვენი გარემოცვისგან გამომდინარე, არ გახდეს ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის დარღვევის მიზეზი, რომელ რიტმსაც საქართველო პრაქტიკულად უკვე დაუბრუნდა.

თუ არ ჩავთვლით ფართომასშტაბიან საერთაშორისო ფრენებს, ყველა შეზღუდვა საქართველოში მოხსნილია და საქართველო, მისი ეკონომიკა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ეს რიტმი რომ შევინარჩუნოთ და მოსახლეობას ჰქონდეს სრული დაცულობის, სიმშვიდის განცდა, ახლა დატვირთვა გადმოვიდა კლინიკურ სექტორზე, რომ ყველა ავადმყოფს აღმოვუჩინოთ დახმარება, მინიმუმზე დავიყვანოთ გარდაცვლილები, რასაც ჯერჯერობით ვაღწევთ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.