თენგიზ ცერცვაძე - ვიცხოვროთ, გავერთოთ, შევქმნათ ეკონომიკა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთოთ უფრო ფრთხილად, ვიდრე შარშან
თენგიზ ცერცვაძე - ვიცხოვროთ, გავერთოთ, შევქმნათ ეკონომიკა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთოთ უფრო ფრთხილად, ვიდრე შარშან

ქვეყანაში ერთი თვის წინ რა მდგომარეობაც გვქონდა, ის არ არის კატასტროფული, თუმცა ის მიიღწეოდა მკაცრი შეზღუდვების პირობებში. ჩვენ თუ ამის გარეშე დავიჭერთ იმ მდგომარეობას, რაც ერთი თვის წინ იყო, ჩათვალეთ, რომ ეს არის უდიდესი წარმატება, ანუ საქართველო გაუმკლავდა „კოვიდ 19“-ის პირველ ტალღას, -ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კითხვაზე – რა უნდა გაკეთდეს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არ მივიღოთ ერთი თვის წინ არსებულზე ბევრად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც საგანგებო რეჟიმის პირობებში ვაკეთებდით იძულებით“.

„უნდა გავაკეთოთ ერთი ბანალური რამ. ხანდახან ის რაც მარტივია, არის ყველაზე სწორი. ვიტყვი ბანალური რამეს: ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებდით იძულებით, რადგან იყო საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და მოსახლეობა ემორჩილებოდა ამ შეზღუდვებს. უკვე გვაქვს ჩვევაში პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება. აშკარად გაცილებით ხშირად ვიბანთ ხელებს, ამას ჩემს თანამშრომლებსაც ვამჩნევ. ასეთი ჩვევები უნდა გავაგრძელოთ ოფიციალური, საკანონმდებლო შეზღუდვების გარეშე. ვიდრე ვაქცინა ან პრეპარატი არ იქნება, მოვეშვათ ცოტა ხანი ხალხმრავალ ქელეხებს და 200-კაციან ღონისძიებებს, აქ არის გზა.

მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს იმ თავისუფლებით, რაც მიიღო ბოლო დღეებში, მაგრამ არ უნდა ისარგებლოს ბოროტად.

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში. უნდა ვიცხოვროთ, გავერთოთ, შევქმნათ ეკონომიკა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უფრო ფრთხილად, ვიდრე ეს იყო შარშან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი