თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს წარმატებული მოლაპარაკების სერია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ვაქცინას მიიღებს
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს წარმატებული მოლაპარაკების სერია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ვაქცინას მიიღებს

შეიძლება, იყოს მცირე ეპიდაფეთქება, მაგრამ არ იქნება ისე, რომ  ეს დინამიკა იყოს პროგრესირებადი. რაღაც დონემდე აიწევს, მერე ისევ ჩამოიწევს ქვემოთ. კეთდება ყველაფერი, რაც აქამდე კეთდებოდა, ოღონდ გაორმაგებული მონდომებით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, გუშინ 11 000 ათასი კაცი გაიტესტა და უახლოეს დღეებში, მოსალოდნელია, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება.

„ხდება კლინიკური სექტორის საწოლების ფონდის მობილიზება. ამჟამად, თუ არ ვცდები 620 პაციენტია კლინიკებში და დღევანდელი ჩვენი საწოლების ფონდი თავისუფლად აუდის. ჯერ არც ერთი ავადმყოფი ერთი საათიც კი, არ მდგარა რიგში, მაშინ, როცა უცხოეთში, მათ შორის ევროპის წამყვან ქვეყნებში რამდენიმე კვირის და ზოგჯერ თვეების განმავლობაში ელოდებიან საავადმყოფოში მოხვედრას. საქართველოში ეს გამორიცხულია. არსებობს გეგმა ა, გეგმა ბ, გეგმა ცე იმის მიხედვით, როგორი იქნება დინამიკა. მოხდება საწოლთა ფონდის ეტაპობრივი მობილიზება. თუ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ხვალაც, ზეგაც, სამ დღეში გამოთავისუფლდება 3 000 საწოლი. ამაზე მეტი დამიჯერეთ საჭირო ნამდვილად არ იქნება, ამდენიც არ იქნება საჭირო.

თენგიზ ცერცვაძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ამავდროულად რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„მოსახლეობას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მოვუწოდებ, გავიხსენოთ ის, თუ როგორ ვასრულებდით კეთილსინდისიერად რეგულაციებს. 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი თეორიული ვადაა, რომლის შემდეგაც აღარ ველით, რომ გამოვლინდება დაავადება. ყველაზე ხშირად დაავადება ვლინდება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს. გადამდებია სიმპტომების გაჩენამდე ერთი დღით ადრე და სიმპტომების გაჩენიდან 5-6 დღის განმავლობაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის კვლევის მესამე ფაზა, რომელიც აქამდე წარმატებით მიმდინარეობდა, დროებით შეჩერდა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პირველი ვაქცინა სავარაუდოდ, იქნება წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში.

„30 000 კაცია ამაში ჩართული და ერთ-ერთ მათგანს განუვითარდა უცნობი დაავადება. არის ასეთი წესი, თუ კლინიკურ კვლევაში მონაწილე თუნდაც ერთ პიროვნებას რაღაც დაავადება დაემართება, კვლევა უნდა შეჩერდეს და გაირკვეს, ის რაც მას დაემართა, კავშირშია ვაქცინასთან, თუ არა. ჩვენ გვაქვს წინასწარი ცნობები, რომ ეს ვაქცინასთან არ არის კავშირში და კვლევები მალე გაგრძელდება. ჩვენ ველით, რომ პირველი, ფართოდ გამოყენებადი ვაქცინა იქნება წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში. საქართველოს წარმატებული მოლაპარაკების სერია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იქნება ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებიდან, ვინც ვაქცინას მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.