თენგიზ ცერცვაძე - ნატო-სგან თუ ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის
თენგიზ ცერცვაძე - ნატო-სგან თუ ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის

მთავრობის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ისმენს ჯანდაცვის მუშაკების რჩევას, რაც სხვა ქვეყნებში, ცალსახად გეუბნებით, არ გააკეთეს მთავრობებმა, იგნორი გაუკეთეს ჯანდაცვის მუშაკებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

კითხვაზე, მთავრობამ ნატო-სგან მოითხოვა ჰუმანიტარული ტვირთი და იყო თუ არა ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაც, ცერცვაძემ აღნიშნა: „ჩვენი რეკომენდაცია არ ყოფილა, ჩვენ ერთ გუნდად ვმუშაობთ, მაგრამ რასაც თქვენ მეკითხებით, აქ ჩვენ არ ჩავრეულვართ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ალბათობით ჩაერივნენ, განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ ჰუმანიტარული ტვირთის საკითხში არ ჩავრეულვართ“.

მისივე თქმით, ეს ტვირთები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია და ამერიკა, ითხოვენ ლამის მხარდაჭერასა და დახმარებას. მათ არ ჰყოფნით დამცავი საშუალებების პარტიები. თქვენ ნახეთ, ბავშვურად იქცევიან, ნიღბებსა და დამცავ საშუალებებს ერთმანეთს ართმევენ. ცხადია, საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ყველაფერი, არ აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, ტესტ-სისტემები. ნატო-სგან თუ ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენი სახელმწიფო, იმედი მაქვს, როგორც სხვა რამეს მოაბა კარგად თავი, ამასაც მოაბამს თავს“, – განაცხადა ცერცვაძემ.