თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანა კოვიდპანდემიას იმაზე უკეთ უმკლავდება, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში ახერხებდა
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანა კოვიდპანდემიას იმაზე უკეთ უმკლავდება, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში ახერხებდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისზე მეტია. მისივე თქმით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები ერთეულ შემთხვევებში იყო.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანა კოვიდპანდემიას საკმაოდ წარმატებით უმკლავდება, მეტიც, ცერცვაძის თქმით, ქვეყანა იმაზე უკეთ მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვიდრე ამას პანდემიის დასაწყისში ახერხებდა.

„საქართველოს კლინიკებში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი არის თავისუფალი და არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ეს ვერ მოხერხდეს. თუკი ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება ზოგჯერ თავად პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ხანაც უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამიჯერეთ, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია, ერთეულია და ამ ერთეული შემთხვევის განზოგადება არ უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებაში არ შეიქმნას მცდარი აზრი, თითქოს, ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას. პირიქით, ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში. მაშინ უფრო ადვილი იყო მართვა, რადგან შემთხვევების რაოდენობა შედარებით ნაკლები გვქონდა, თანაც მაშინ ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებზე, ლოკდაუნზე წავიდა, ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა. ამან თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ ახლა ლოკდაუნის გარეშე ყოველდღე ათასობით პაციენტის მართვა ისე, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, გაცილებით რთულია, ვიდრე გაზაფხულზე იყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი