თენგიზ ცერცვაძე - პოპულისტური განცხადებების ავტორები პასუხს არაფერზე აგებენ, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
თენგიზ ცერცვაძე - პოპულისტური განცხადებების ავტორები პასუხს არაფერზე აგებენ, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ინფექციის გავრცელების ნოემბერ-დეკემბრის პიკი და ამით გამოწვეული პრობლემები უკვე დაძლია.

მისი შეფასებით, საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია.

ეპიდვითარება სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ ნოემბერ-დეკემბრის პიკი და ამით გამოწვეული სერიოზული პრობლემები ქვეყანამ უკვე დაძლია. ბოლო ორი კვირის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტამდეა, ხოლო ბოლო დღეებში დაახლოებთ სამ-ნახევარი პროცენტი. შემთხვევათა რაოდენობა ყოველ დღე სტაბილურია და ეს იმ ფონზე, რომ ტესტების რაოდენობა მაქსიმალურად არის გაზრდილი, დაახლოებით 19 -20 ათასი ტესტი კეთდება დღეში. მივიღოთ მოცემულობად, რომ დღეს ქვეყანაში არის სტაბილური, კარგი ეპიდსიტუაცია.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-20-ს შორის მეტყველებს. დღეს იყო 11 შემთხვევა, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ახლა ქვეყნის, ექიმების და საზოგადოების წინაშე დგას ძალიან სერიოზული ამოცანა – შეზღუდვები, რომლიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას, ეტაპობრივად როგორ მოვხსნათ. უჭირს ბიზნესს, უჭირს ცალკეულ მოქალაქეებს, რომელთაგან ბევრმა დაკარგა შემოსავლის წყარო, არის საპროტესტო აქციებიც, რომელიც მე კატეგორიულად არ მიმაჩნია გამართლებულად. არც საპროტესტო აქციები და არც პოპულისტური მოწოდებები საზოგადოებას კარგს ვერაფერს მოუტანს. არავინ არის დაინტერესებული იმაში, რომ შეზღუდვები იყოს იმაზე უფრ მკაცრი, ვიდრე აუცილებელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განცხადებით, ცალკეული პირები, რომლებიც შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ, ქვეყნის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, არაფერზე არიან პასუხისმგებლები. ცერცვაძის თქმით, მთავრობას კი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„მერწმუნეთ, ქვეყნის ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად უნდა, რომ მოიხსნას შეზღუდვები, რადგან ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ განსხვავებით იმ პირებისგან, ვინც თავს უფლებას აძლევს, პოპულისტური განცხადებები აკეთოს, ქვეყნის ხელმძღვანელობა ასევე პასუხისმგებელია ქვეყნის მომავალზე. ის პასუხს აგებს იმაზეც, რომ არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია .

ცალკეული პირები, რომლებიც პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ, პასუხს არაფერზე არ აგებენ და მათთვის ძალიან იოლია ადამიანს ასიამოვნონ და უთხრან, რომ ყველანაირი შეზღუდვა უნდა მოიხსნას ერთბაშად. გაცილებით უფრო რთულია ხელმძღვანელობის მდგომარეობა, რომელმაც თუ არასწორად განახორციელა შეზღუდვების მოხსნა და აჩქარდა, შეიძლება მიიღოს უკუეფექტი, რაზეც ისევ მას მოსთხოვენ პასუხს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში 15 თებერვლიდან შეზღუდვების უმეტესი ნაწილი იხსნება. ცერცვაძის თქმით, ამას მოსახლეობამ უსაფრთხოების წესების დაცვითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებით უნდა უპასუხოს.

„დღევანდელი სიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ ეტაპობრივად მოიხსნას შეზღუდვები და ასეც კეთდება. 15 თებერვლიდან პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა იხსნება. ეს ჯერ არ გაუკეთებია ევროპის არც ერთ წამყვან ქვეყანას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საქართველომ წინ წაიწია, ყველაზე მეტად გაითვალისწინა მისი მოსალხეობის პრობლემები, მათი სურვილი და სხვა ქვეყნებზე უფრო დაჩქარებულად შეამსუბუქა შეზღუდვები. სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას უნდა ვუპასუხოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებით და რეგულაციების შესრულებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.