თენგიზ ცერცვაძე - მინდა, იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ დაცულია იმაზე უკეთესად, ვიდრე ევროპის ან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე
თენგიზ ცერცვაძე - მინდა, იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ დაცულია იმაზე უკეთესად, ვიდრე ევროპის ან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე

მინდა, იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ისინი, როგორც არც ერთი ევროპის სახელმწიფო და შესაძლოა, არც ერთი მსოფლიოს სახელმწიფო, ისე არიან დაცული ამ ინფექციისგან, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეასრულოს ყველა მითითება, რასაც საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს, ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს ულაპარაკოდ.

„ყველას გყავთ მეგობრები აშშ-ში, ინგლისში, იტალიაში, ჰკითხეთ, რა ხდება იქ. ჩემი კოლეგები, პროფესორები და ჩემი ქართველი თანამოქალაქეები, მათ შორის, მეგობრები და ნათესავები, ისეთ რამეებს ყვებიან, აქ რომ ხდებოდეს, ჯერ არ დაიჯერებთ და ამას არ ეყოფა ბრიფინგები. პაციენტები ხდებიან ავად და ერთადეთი რჩევა, რასაც აძლევენ არის ის, რომ დარჩით სახლში, ვიდრე ძალიან ავად არ გახდებით, ვიდრე სუნთქვის უკმარისობა არ განგივითარდებათ. მათ არ აქვთ რესურსი ექიმებისა და საწოლების, რომ ასეთი ავადმყოფი ნახოს ექიმმა, მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან. რა რაოდენობა არის იქ ინფიცირებულების, რა რაოდენობაა გარდაცვალებების და რა რაოდენობაა ჩვენთან. მინდა, ვუთხრა მოსახლეობას და დავარწმუნო, რომ შესაძლოა, ქვეყანას რაღაცაში უჭირს, ბევრ რამეში უჭირს, შეიძლება ჩვენი ეკონომიკა განვითარებადი ეკონომიკაა, ჩვენი სახელმწიფო ვერ ცხოვრობს ისე, როგოც ქართველ კაცს და ღირსეულ სახელმწიფოს ეკადრება, მაგრამ მათთვის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც გამოჩნდა ამ კრიზისულ სიტუაციაში. მთავრობის სახე და ზრუნვა ჩნდება ხოლმე კრიზისულ სიტუაციაში, ხოლო კრიზისებს შორის პერიოდში უფრო ძნელი შესამჩნევია, ვინ მუშაობს კარგად და ვინ ნაკლებად კარგად. მინდა, დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ უნდა შეასრულონ ყველა მითითება, რასაც საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს. მინდა, იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ არც ერთი ევროპის სახელმწიფოს და შესაძლოა, მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არ არის დაცული ისე, როგორც დღეს საქართველოს მოსახლეობა.  იმ შემთხვევაში, თუ მაინც გახდება ვიღაც ავად და ეს გარდაუვალია, მაშინ უკვე ჩვენ ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ მათ სიცოცხლე იყოს დაცული. პირველ შემთხვევაში მთავრობა კისრულობს, რომ ისინი ჯანმრთელები იყვნენ, რომ ისინი ავად არ გახდნენ, თუ მაინც გახდებიან, ჩვენ, ექიმები ვკისრულობთ, რომ მათი სიცოცხლე იყოს დაცული, გარანტირებული და ლეტალობის შედეგები არ გასცდეს ერთეულს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სამივე გარდაცვლილი იყო 79 წლის ასაკის ზემოთ, არც ერთი 79-ზე ნაკლები ასაკის ადამიანი არ გარდაცვლილა.

„აშშ-ში გარდაცვალების 20% მოდის ახალგაზრდებზე, იტალიაში, საფრანგეთში გარდაიცვალნენ ახალგაზრდები და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაავადდა კორონავირუსით, დამძიმდა მისი მდგომარეობა და რეანიმაციაშია გადაყვანილი. გარდაიცვალა ესპანეთის პრინცესა მარია. ბევრი ცნობილი პირი, მათ შორის სასულიერო პირები, სამოქალაქო პირები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.