თენგიზ ცერცვაძე - მინდა, დადგეს ის დრო და იყოს ის განცდა, როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენს გარემოცვაში კორონავირუსით ავად გახდა ადამიანი, ეს პანიკის საფუძველი არ გახდეს
თენგიზ ცერცვაძე - მინდა, დადგეს ის დრო და იყოს ის განცდა, როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენს გარემოცვაში კორონავირუსით ავად გახდა ადამიანი, ეს პანიკის საფუძველი არ გახდეს

მინდა, დადგეს ის დრო და იყოს ის განცდა, როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენს გარემოცვაში კორონავირუსით ავად გახდა ადამიანი, ეს პანიკის საფუძველი არ გახდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„დაახლოებით მაგალითს გეტყვით – თქვენ ხომ ხშირად გესმით, რომ ვიღაც სიტყვაზე, ფილტვების ანთებით, ან სხვა დაავადებით, თუნდაც, გრიპით დაავადდა, მაგრამ არ გიჩნდებათ იმის განცდა, რომ თუ ფილტვების ანთებით, ან თუნდაც გრიპით ერთი კაცი დაავადდა, არიქა, ქალაქი ან ქვეყანა დაიღუპება და ყველას დაგვემართება. ეს განცდა ხომ არა გაქვთ?! აი, ეს განცდა მინდა, რომ იყოს; დადგეს ის მომენტი, რომ კოვიდზეც ეს განცდა იყოს; როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენ გარემოცვაში, სანაცნობოში თუ სანათესაოში კოვიდით ავად გახდა ერთი, ორი ან სამი ადამიანი, ეს პანიკის საფუძველი არ იყოს და რაც მთავარია, იმის საწინდარი, რომ თუ ის ერთი კაცი გახდა ავად, მის ირგვლივ მყოფი ათი კაციც აუცილებლად ავად გახდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კოვიდის მართვა ისე, რომ ის ეპიდემიიდან სპორადულ შემთხვევებში, ანუ ერთეულ და ათეულ შემთხვევებში გადავიდეს.

„აი, ამას ჰქვია – ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად. ძალიან მომეწონა მე თვითონ ეს სიტყვა, ახლა მოვიფიქრე – კოჰაბიტაცია კოვიდთან ერთად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.