თენგიზ ცერცვაძე - გაგვიგეთ, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, გაცნობიერებული გვაქვს, რა დღეში ხართ თქვენ და დაგვიჯერეთ, ფსიქოლოგიურად ჩვენ თქვენზე არანაკლებ ცუდ დღეში ვართ
თენგიზ ცერცვაძე - გაგვიგეთ, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, გაცნობიერებული გვაქვს, რა დღეში ხართ თქვენ და დაგვიჯერეთ, ფსიქოლოგიურად ჩვენ თქვენზე არანაკლებ ცუდ დღეში ვართ

ბოდიშს გიხდით, რომ ამ დაბრკოლებების და გამოწვევების დაძლევა გიხდებათ, – ასე მიმართა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ მოქალაქეებს, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„ეს კარგი არ არის და ეს გამოწვეულია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს ბრალია. მე, როგორც ამ შეხვედრაზე მათი წარმომადგენელი, მათი სახელითაც ვლაპარაკობ და ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ გაგვიგეთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, გაცნობიერებული გვაქვს ის, რა დღეში ხართ თქვენ და დაგვიჯერეთ, ფსიქოლოგიურად ჩვენ თქვენზე არანაკლებ ცუდ დღეში ვართ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ შექმნილი მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს, ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„მიუხედავად ამისა, არის ტრაგიკულად დამთავრებული შემთხვევები და დიდი დისკომფორტის შემცველი შემთხვევები, რაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა გამოსცადა და სრულიად სამართლიანად გამოხატავს აღშფოთებას, ფეისბუქში, ტელევიზორში თუ სხვაგან. ეს მაინც მცირე ნაწილია. ავადმყოფების ძირითად ნაწილს სახელმწიფო მაინც უმკლავდება და უმკლავდება წარმატებით. კი, ეს ძალიან მძიმე გამოწვევაა, რომ გვიანდება სასწრაფოს მოსვლა, ოჯახის ექიმთან დაკავშირება, ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილი და ასე შემდეგ, მაგრამ ამის გარდა რამდენი რამე კეთდება?! ერთი სასუნთქი აპარატი არ დაკლებია არც ერთ ავადმყოფს და სასუნთქი აპარატის უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა. მაშინ, როდესაც უცხოეთში ასეთი შემთხვევა უამრავია. ჟანგბადის კონცენტრატორები ახლა სასტუმროებშიც კი შეიტანეს. 2 000-ზე მეტი ჟანგბადის აპარატი გვაქვს და მათ შორის, 700-ზე მეტი უშუალოდ კოვიდზეა მობილიზებული. ჯერ არ დაფიქსირებულა არც ერთი მედიკამენტის დეფიციტი და ეს ყველაფერი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის იოლი არ არის. შეიძლება, ავსტრიისთვის და გერმანიისთვის ეს არაფერია და ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, მაგრამ ჩვენთვის იოლი არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებსაც ოჯახის წევრი, ან ახლობელი გარდაეცვალათ, ტრაგედიაა და მათ ეს საკითხები საერთოდ არ აწუხებთ, მაგრამ ერთმანეთს უნდა გავუგოთ და შევეცადოთ, ასეთი ტრაგიკული შემთხვევები ერთეულები იყოს.

დატოვე კომენტარი