თენგიზ ცერცვაძე - საქართველოშიც და მსოფლიოშიც კარგად იციან, ვის რა დამსახურება გვაქვს
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოშიც და მსოფლიოშიც კარგად იციან, ვის რა დამსახურება გვაქვს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმის, ირმა კვიცარიძის კრიტიკულ პოსტს ეხმაურება.

ცერცვაძის თქმით, საქართველოშიც და მსოფლიოშიც კარგად იციან, ვის რა დამსახურება აქვს.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ, თუ ნებისმიერ სხვა თემაზე პირველმა გამოხატა კრიტიკული დამოკიდებულება რომელიმე კოლეგის ან ვინმეს მიმართ.

ცერცვაძის განცხადებით, ყველა მისი კრიტიკული პოსტი, თუ შეფასება იყო მხოლოდ პასუხი საექიმო საქმიანობაზე აუგის თქმასთან დაკავშირებით.

„ქალბატონო ირმა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია აგრეთვე, რომ „პროფესიულ ჩარჩოებში ჩემთან დებატები“ გადაიფიქრეთ. ვფიქრობ, ისედაც კარგად იციან საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ და ვის რა დამსახურება გვაქვს.

მინდა, მხოლოდ ერთი განცხადება გავაკეთო. ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ დამისახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ საკითხებზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე მე პირველმა გამოვაქვეყნე პოსტი ან სხვა რამე ფორმით გამოვხატე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება რომელიმე ჩემი კოლეგის ან ვინმე სხვის მიმართ.

ასეთი პრეცედენტი ბუნებაში არ ყოფილა. ყველა ჩემი კრიტიკული პოსტი, თუ შეფასება ყოველთვის იყო პასუხი, მხოლოდ და მხოლოდ პასუხი რომელიმე ჩემი კოლეგის ან არაკოლეგის მიერ ჩვენს საექიმო საქმიანობაზე აუგის თქმაზე. არ აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემი სახელი და გვარი იყო დასახელებული, თუ როგორც ამბობენ „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“.

ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველა ჩემი პასუხი და განმარტება ყოფილიყო ობიექტური და მაქსიმალურად არგუმენტირებული (ვფიქრობ, სწორედ ეს აღიზიანებს ჩემს ოპონენტებს) და ამასთან არასოდეს მიმიმართავს პიროვნული შეურაცხყოფისთვის და არაკორექტული, მით უმეტეს, ვინმეს ღირსების შემლახავი გამოთქმებისთვის“, –  ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

Posted by ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center on Thursday, December 3, 2020

 

შეგახსენებთ, 30 ნოემბერს ექიმმა ირმა კვიცარიძემ თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა.

კოლეგებო, ახლახანს შევიტყვე რომ ბატონი თენგიზ ცერცვაძის მორიგი 1937 წლის რეპრესიების სტილში დაწერილი “ანონიმკის”…

Posted by Irma Kvitsaridze on Monday, November 30, 2020

დატოვე კომენტარი