თენგიზ ცერცვაძე - ძალიან გახშირდა ხალხმრავალი შეკრებები, რაც ჯერ ადრეა, ცოტაც მოვითმინოთ, შევირგოთ ის წარმატება, რასაც საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში მიაღწია
თენგიზ ცერცვაძე - ძალიან გახშირდა ხალხმრავალი შეკრებები, რაც ჯერ ადრეა, ცოტაც მოვითმინოთ, შევირგოთ ის წარმატება, რასაც საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში მიაღწია

კორონავირუსი არსად წასულა, ის ჩვენთანაა, ამიტომ არ უნდა მოდუნდეს მოსახლეობის ყურადღება და ნაადრევად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ქვეყანაში სიფრთხილე და პრევენციული ზომების გატარება აღარ იგრძნობა. მისივე თქმით, ძალიან გახშირდა ხალხმრავალი შეკრებები, რაც ჯერ ადრეა.

„ძალიან ხშირად იმეორებენ ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები, მთავრობაც, რომ კორონავირუსი არსად წასულა, ის ჩვენთანაა, ამიტომ არ უნდა მოდუნდეს მოსახლეობის ყურადღება და ნაადრევად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. ამ პათოსს მე მთლიანად ვუერთდები, რამეთუ, მეც ვხედავ თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც, სადაც ჩავდივარ ყველგან ვხვდები, რომ აღარ იგრძნობა ის სიფრთხილე და ის პრევენციული ზომების ისე განუხრელად გატარება, როგორც ეს ხდებოდა ერთი, ან თვე-ნახევრის წინ. ეს შეეხება როგორც ნიღბების ტარების კულტურას, ისე ხელების ჰიგიენას, სოციალურ დისტანციას და განსაკუთრებით ხალხმრავალ შეკრებებს. ძალიან გახშირდა უკვე ხალხმრავალი შეკრებები, ხალხი ლამის უბრუნდება ძველ ტრადიციებს დიდი ქორწილების, ქელეხების და დაბადების დღეების გადახდის, რაც ჯერ ადრეა, ცოტაც მოვითმინოთ. საერთოდ არ ატარებენ, ან სწორად არ ატარებენ ნიღბებს დახურულ სივრცეში, არ იცავენ სოციალურ დისტანციას.

მინდა, შევუერთდე ეპიდემიოლოგების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოწოდებებს, რომ შევირგოთ ის დიდი წარმატება, რასაც საქართველომ მიაღწია კოვიდთან ბრძოლაში და ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს გაცილებით თავისუფლად გრძნობს თავს, ცხოვრობს და მუშაობს. მაგრამ ეს ნუ გაგვათამამებს, ჯერ კიდევ აუცილებელია სიფრთხილის ნორმების დაცვა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას, როდესაც სიფრთხილის დაცვას თხოვენ.

„მინდა, ერთი ნიუანსი აღვნიშნო, რომელიც არ მომწონს და შეიმჩნევა მოსახლეობაში. მოსახლეობა ღიზიანდება უკვე, როგორც კი გაისმის რაღაც გაფრთხილება ან რაღაც მოწოდება, ან რაღაც თხოვნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ნუ გათამამდებიან. ღიზიანდებიან, როგორ, კიდევ ვატაროთ პირბადე? ან კიდევ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, არ გადავიხადოთ დაბადების დღე ან ქორწილი? ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ განწყობისგან გავთავისუფლდეთ, ნუ ვღიზიანდებით, როცა გვთხოვენ რაღაც სიფრთხილის ზომების დაცვას და ნუ წარმომაჩენთ, რომ თითქოს ეს ვიღაცის ბრალია ან ექიმების, ან მთავრობის, ან ვიღაცის. თითქოს საბაბია ეს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, რომ გამოთქვან უკმაყოფილება. ვის მიმართ გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, ბუნების მიმართ? აქ ხომ ერთადერთი დამნაშავე ბუნებაა, ეს პანდემიაა, რომელიც გაჩნდა ჩვენგან დაუკითხავად“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი