თენგიზ ცერცვაძე - ჩვენთან არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ქვეყნების უმრავლესობაში ოცნებობენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი დღეში 25-მდე ჩამოიყვანონ
თენგიზ ცერცვაძე - ჩვენთან არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ქვეყნების უმრავლესობაში ოცნებობენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი დღეში 25-მდე ჩამოიყვანონ

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არ არის არც მეორე ტალღა, მიკროაფეთქებასაც კი ვერ დავარქმევთ. ეს არის ჩვეულებრივი, პერიოდული, შემთხვევების დროდადრო მატება, რის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ჩვენთან მიკროაფეთქებების შემთხვევაშიც კი შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება 25-ს, მაშინ როდესაც, მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ოცნებობენ, რომ დღეში 25-მდე ჩამოიყვანონ ახალი შემთხვევების რიცხვი. არაფერი ამაში არ არის არც შესაშფოთებელი, არც საგანგაშო და არც გასაკვირი. ეს არ არის პირველი შემთხვევა მინი ასეთი პიკის. თქვენ გახსოვთ, ასეთი შემთხვევები იყო ბოლნისში, ლენტეხში, თეთრიწყაროსა და გარდაბნის რაიონში, ქობულეთში, ახლა არის სვანეთში. ეს ხომ საქართველოსთვის უცხო არ არის და ჩვენ გვაქვს ამის წარმატებული მართვის გამოცდილება. ისევე როგორც ჩვენმა სახელმწიფო ვერტიკალმა და ექიმებმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლმა, წარმატებით გაართვეს თავი საქართველოში ეპიდემიას მთელი პანდემიის პერიოდში, ყველა ეტაპზე. ქვეყნის საპასუხო ღონისძიებები იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. ინტერვენციები იყო წინმსწრებით, პროპორციული ძალით გაკეთებული და უაღრესად ეფექტური. გაიხსენეთ, რომელიმე მიკროაფეთქება, რომლის ლიკვიდირებაც არ მოხდა რამდენიმე დღეში“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.