თენგიზ ცერცვაძე - ჩემი აზრით, კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღეა მოსალოდნელი, შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი აზრით, კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღეა მოსალოდნელი, შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება

ჩემი აზრით, კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი. იქნება სამი ასეულის ფარგლებში, მაქსიმუმ შეიძლება ავიდეს ოთხ ასეულამდე, არამგონია იყოს მეტი. შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელია, რაც იმისი ნიშანია, რომ სახელმწიფო პანდემიას უმკლავდება.

„ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყნასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. ერთ მილიონ მოსახლეზე სულ გვყავს შვიდი გარდაცვლილი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს არის მთავარი კრებითი მაჩვენებელი იმისი, როგორ უმკლავდება ქვეყანა და სახელმწიფო კოვიდპანდემიას.

რაც არ უნდა ზრდა იყოს, ჩვენი კლინიკური სექტორი იმუშავებს იმდენად ეფექტურად, რომ შევძლებთ გამოვაჯანმრთელოთ ყველა ან მაქსიმალური რაოდენობა ავადმყოფების, ან გარდაცვალების შემთხვევები იყოს ერთეული, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა უმკლავდება წარმატებულად. ჩვენი კლინიკური სექტორი არ გამოდგა სუსტი, რასაც ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ვერ გაუძლებდა ჩვენი კლინიკური სექტორი ავადმყოფების დიდი რაოდენობით მოწოლას. ახლა გვყავს ავადმყოფების დიდი რაოდენობა, დღეში 300 და ბოლო პერიოდში სულ რვა გარდაცვლილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი