თენგიზ ცერცვაძე - ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა ის, რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს
თენგიზ ცერცვაძე - ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა ის, რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ინფექციური პათოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

საუბარია არსენ ტოროსიანის განცხადებაზე, რომლითაც მან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.

„როგორც ცნობილია, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა არსენ ტოროსიანმა ა.წ. 22 მაისს გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე. ამის შემდეგ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს აპარატმა (და არა პირადად ბ-ნმა მინისტრმა) გააკეთა განმარტება, რომ ბ-ნ მინისტრს ასეთი არაფერი უთქვამს?! და მისი განცხადება, სამწუხაროდ, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მასმედიის მიერ?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაციის მცდელობა, ვინაიდან მე პირადად (ისევე, როგორც სხვებმა) მოვისმინე ბ-ნი მინისტრის გამოსვლა (რომელიც ატვირთულია ინტერნეტში), სადაც იგი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ „მათი (სომხეთის, თ.ც.) ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა საქართველოსაზე უფრო ძლიერია“. მან აგრეთვე ეჭვი შეიტანა საქართველოში გამოყენებული ტესტსისტემების ხარისხში და ტესტირების მეთოდოლოგიაში და აგრეთვე ეჭვი შეიტანა, რომ საქართველო არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის მსოფლიოს, ანუ მალავს „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეალურ რაოდენობას.

ჩვენ ადრე უკვე განვაცხადეთ და მოკლედ გავიმეორებ, რომ კომიკურია, როცა ამას ამბობს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა. ანუ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე. ბ-ნი ტოროსიანი ტესტსისტემების ხარისხსა და ტესტირების მეთოდოლოგიას უწუნებს ქვეყანას, სადაც ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის ლუგარის სახელობის ლაბორატორია, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტსისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. გვინდა, ბ-ნ მინისტრს შევახსენოთ, რომ საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო „კოვიდ-19“-ის დიაგნოსტირება პისიარტესტებით და სადღეისოდ ამ მეთოდით (და არა სწრაფი მარტივი ტესტებით) გამოკვლეულია 48,565 პირი.

რაც შეეხება საქართველოს მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობას და გამჭვირვალობას, საქართველოში „კოვიდ-19“-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და გამჭვირვალედ. გადაიცემა „კოვიდ-19“-ის უკლებლივ ყველა შემთხვევა, მათ შორის უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი, ხოლო გარდაცვლილ პირთა რიცხვში შედის უკლებლივ ყველა გარდაცვლილი, ვისაც დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა იყო უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის უმაღლესი სანდოობა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და უკლებლივ ყველა სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ. საქართველო სისტემატურად იღებს უმაღლეს შეფასებებს გაერო-სგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ქვეყნების ლიდერებისა და სხვა ავტორიტეტული პირებისგან „კოვიდ-19“-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისთვის. ავტორიტეტულმა გამოცემამ „ფორინ პოლისიმ“ (Foreign Policy) საქართველო მოიხსენია „კოვიდ-19“-ის მართვის კუთხით მსოფლიოს ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის, ხოლო კიდევ უფრო ავტორიტეტულმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (Washington Post) ა.წ. 17 მაისს ასევე მოიხსენია საქართველო კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად.

შესაბამისად, კვლავ მიგვაჩნია, რომ ბ-ნი ტორისიანის მცდელობა, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, უშედეგოა და მან ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავის განცხადებების დეზავუირება გააკეთოს და ბოდიში მოიხადოს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.