თენგიზ ცერცვაძე - ავირჩიოთ ვაქცინაციის, პირბადეების გზა და გახსნილი გექნებათ ხელ-ფეხი ბედნიერი ცხოვრებისკენ ან მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება
თენგიზ ცერცვაძე - ავირჩიოთ ვაქცინაციის, პირბადეების გზა და გახსნილი გექნებათ ხელ-ფეხი ბედნიერი ცხოვრებისკენ ან მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ, განსაკუთრებით კი პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოუწევთ.

„ავირჩიოთ ვაქცინაციისა და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ლოკდაუნების, რაც გავიარეთ გასულ წელს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, დაბალი ტემპით თუ გაგრძელდება ვაქცინაცია, როდის ვარაუდობთ მესამე ტალღას, ცერცვაძე პასუხობს, რომ ვაქცინაციასა და პირბადეების ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა ახლო მომავალში დაიწყება.

„ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში. გერმანია ფრთხილობს ძალიან, კანცლერმა მერკელმა გააკეთა განცხადება, ის შეხვდა მხარეების პრემიერ-მინისტრებს და გაახანგრძლივა ლოკდაუნი 28 მარტამდე, რადგან ელოდებიან მესამე ტალღას. იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.