თენგიზ ცერცვაძე - შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, რომ დაგვიანებული მომართვა „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია
თენგიზ ცერცვაძე - შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, რომ დაგვიანებული მომართვა „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა აჩვენა, რომ უმეტესად გარდაცვალება გამოწვეულია კლინიკებში დაგვიანებული მიმართვით.

„ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად, პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით, გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია. თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში, კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, საჭიროა, ახლავე მივიღოთ ზომები COVID-ით პაციენტების კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.

ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის მიზეზით (უფრო ხშირად) ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად)“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის პოსტში.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე უფრო კონკრეტულად განმარტავს კოვიდ-კლინიკებში დაგვიანებული მიმართვის მიზეზებს:

„პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს COVID-ზე ტესტირებას.

პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.

ოჯახის ან საწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.

იშვიათად ოჯახის ან საწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას“, – აცხადებს ცერცვაძე.

გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინოს ბოლო პერიოდში გაზრდილი რისკები და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, აუცილებლად ჩაიტაროს ტესტირება, ხოლო ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოს ექიმს, განუხრელად შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.

ასევე, ცერცვაძე მიმართავს სასწრაფო დახმარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს, განუხრელად ისარგებლონ „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინებში გაწერილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით და რეკომენდაციებით, ყველა საჭირო შემთხვევაში დროულად მიიღონ გადაწყვეტილება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე, პაციენტის ბინაზე მართვის შემთხვევაში, მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ დამძიმების რისკის მქონე პაციენტებთან.

„მივმართავთ COVID კლინიკებს, განუხრელად და ზედმიწევნით შეასრულონ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში გაწერილი რეკომენდაციები, სრულად გამოიყენონ სტანდარტული და ინდივიდუალური თერაპიის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, მათ შორის: რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა და პლაზმაფერეზი, კონვალესცენტის პლაზმა, კორტიკოსტეროიდებით თერაპია ე.წ. პულს თერაპიის ჩათვლით, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და სხვ“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის პოსტში, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გვერდზე გავრცელდა.

დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების
ყველაზე ხშირი…

Posted by ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center on Monday, April 12, 2021