ტენესის შტატში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ტენესის შტატში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ტენესის შტატში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ყველაზე მეტად დაზარალდა შტატის უდიდესი ქალაქი ნეშვილი. ქალაქის მერის, ჯონ კუპერის თქმით, ქალაქი „განადგურებულია“. მან მოუწოდა მოქალაქეებს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეზობლებს „დახმარების ხელი გაუწოდონ“.

ტორნადოს შემდეგ ნეშვილის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სულ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 44 ათასი ადამიანი. დაზიანებულია აეროპორტიც.

ტენესის გუბერნატორის თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ბევრი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაზარალებულ რაიონებში გახსნილია დროებითი თავშესაფრები, დახურულია სკოლები, სასამართლოები და არ მუშაობს ტრანსპორტი.