„ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ მოიგო - შერმადინი მსაჯმა პირველ პერიოდში გააძევა [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავ გაიმარჯვა. კანარელები სტუმრად შეხვდნენ ესპანურ „მანრესას“ და 84:73 დაამარცხეს. გამარჯვებაში მცირე წილი უდევს ქართველ ცენტრს, რადგან მან მხოლოდ 4:36 წუთი ითამაშა. მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც შერმადინმა პირველი პერიოდის მიწურულს მიიღო.
საქმე ისაა, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წუთზე გიორგის მსაჯებთან კამათს შეჰყვა, რაც იმით დასრულდა, რომ „ტენერიფეს“ ცენტრი მოედნიდან გააძევეს. არასრულ 5 წუთში მას 2 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული.
K ჯგუფში „ტენერფეს“ ორიდან ორი მოგება აქვს და პირველ ადგილზეა. შერმადინის გუნდი, სავარაუდოდ ქართველის გარეშე, 4 მარტს თურქულ „პეტკიმ სპორს“ (0-2 ბალანსი) მასპინძლობს. 4-გუნდიანი ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გადის.