თენ ჰაგს პატივს არ ვცემ - მსოფლიო ჩემპიონატის წინ კრიშტიანო რონალდომ გულახდილი ინტერვიუ მისცა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ინტერვიუ მისცა პირს მორგანს.
პორტუგალიელმა ბევრი აღიარება გააკეთა შოუში, რომლის სახელწოდებაა Piers Morgan Uncensored. მაგალითად, რონალდომ განაცხადა, რომ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ექცეოდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, კლუბმა მას უღალატა. პორტუგალიელი გაღიზინებულია იმით, რომ „იუნაიტედში“ არსებული პრობლემები თავიდან ბოლომდე მას ბრალდება და მიაჩნია, რომ ახლა აქტიურად ავიწროებენ და თავიდან იშორებენ.
„მანჩესტერ იუნაიტედი ცდილობს გუნდიდან წასვლა მაიძულოს. ამას აკეთებს არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელი, არამედ სხვა ადამიანებიც, რომლებიც კლუბის შიგნით არიან. ვგრძნობდი, რომ მიღალატეს.
მაქვს შეგრძნება, რომ ზოგიერთ ადამიანს არ უნდოდა ჩემი ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედში“ არა მხოლოდ წელს, არამედ გასულ სეზონზეც.
მე პატივს არ ვცემ თენ ჰაგს, რადგან ის ჩემ მიმართ არ გამოხატავს პატივისცემას. თუ შენ პატივს არ მცემ, ჩემგან არასოდეს გექნება პატივისცემა“, – განაცხადა რონალდომ.
კრიშტიანო აცხადებს, რომ კლუბს სერიოზული ცვლილებები სჭირდება, რათა „იუნაიტედი“ ისევ გახდეს ტიტულის პრეტენდენტი.
„როგორც პიკასო ამბობდა, თქვენ უნდა დაანგრიოთ რაღაც იმისთვის, რომ აღადგინოთ. თუ ისინი ჩემით დაიწყებენ, ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება.
მე მიყვარს „მანჩესტერ იუნაიტედი“, მიყვარს გულშემატკივრები, ისინი ყოველთვის ჩემ მხარეს არიან. მაგრამ თუ მათ რაღაცის შეცვლა უნდათ… მათ ბევრის გაკეთება მოუწევთ, ძალიან ბევრის“, – ამბობს რონალდო.
პორტუგალიელის თქმით, კლუბში არაფერი შეცვლილა 2013 წლის შემდეგ, როცა სერ ალექს ფერგიუსონი წავიდა.
„მას შემდეგ, რაც ფერგიუსონი წავიდა, კლუბში არანაირი ცვლილება არ მინახავს. არაფერი შეცვლილა.
ფერგიუსონმა ყველაზე კარგად იცის, რომ კლუბი იმ გზას არ ადგას, რომელსაც იმსახურებს. მან ეს იცის. ყველამ იცის. ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ… ეს იმიტომ, რომ არ უნდათ დაინახონ. ისინი ბრმები არიან. ვფიქრობ, ფანებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. კლუბისთვის უკეთესი მინდა. აი, რატომ მოვედი „მანჩესტერ იუნაიტედში“, – აღიარებს პორტუგალიელი.
ბოლოს, კრიშტიანო რონალდომ უპასუხა თავის ყოფილ თანაგუნდელ უეინ რუნის კრიტიკას. ინგლისელმა, რომელიც პორტუგალიელთან ერთად „იუნაიტედში“ 2004-2009 წლებში თამაშობდა, ჯერ კლუბის ხელმძღვანელობას კრიშტიანოს გაყიდვისკენ მოუწოდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ რონალდო ის ფეხბურთელი აღარ არის, რაც ადრე იყო.
„არ ვიცი, ასე ძალიან რატომ მაკრიტიკებს. შესაძლოა იმიტომ, რომ მან კარიერა დაასრულა, მე კი ისევ ვთამაშობ უმაღლეს დონეზე.
არ ვიტყვი, რომ მასზე უკეთ გამოვიყურები, თუმცა ეს სიმართლეა“, – თქვა რონალდომ.