თემურ შაშიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ჩემთან კამათს ვერ შეძლებენ
თემურ შაშიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ჩემთან კამათს ვერ შეძლებენ

უბედურებაა ის დაპირისპირება, რომელიც პარტიებმა მოსახლეობას არა მხოლოდ ამ საარჩევნო პროცესში შევთავაზეთ, საქართველო პოლიტიკურ სამთავროებად დავყავით, ამ ჩვენი დაპირისპირებით მოსახლეობა შევაწუხეთ და ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„დაპირისპირებას არავისთან ვაპირებ და ყველას თანამშრომლობას ვთავაზობ“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი თქმით, უმჯობესია, კანდიდატებმა ხალხის წინ, ცოცხლად იკამათონ და ტელევიზიებმა ეს საუბრები გადაიღონ.

„მე ვხედავ, რას საუბრობენ კანდიდატები, როცა თქვენთან მოდიან ეთერში, ხალხში კი, სრულიად სხვა განწყობაა. ტელევიზიებს გგონიათ, რომ სულ სამი, თუ ოთხი მთავარი კანდიდატია, მაგრამ ხალხში ეს განწყობა არ არის. ერთი თვეა, წინასაარჩევნო პროცესი მიდის და ტელევიზიით პირველად გამოვდივარ, რადგან არც ერთ არხს არ მივუწვევივარ, რის გამოც, ყველაზე მეტი პრეტენზია უნდა მქონდეს, მაგრამ არ მაქვს, რადგან უმჯობესია, ხალხს პირისპირ ვესაუბრო“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

შაშიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანაში პრეზიდენტი ხდება გუბერნატორი, კანდიდატებს შორის კი, არც ერთი არ არის ისეთი, რომელიც სერიოზული თანამდებობიდან მოდის.

„არიან ამ წიოკობაში, ვკორტნით ერთმანეთს და არის უბედურება. ყველა დამნაშავეა და ყველა მართალია. მე არავის ვადანაშაულებ და არავის ვამართლებ. გვაქვს დიდი პროგრამა – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ და იმისთვის, რომ ის მოსახლეობას გავაცნო, დღეს ბათუმში ვარ. ვხედავ, არჩევნებით როგორაა გაფორმებული ეს ლამაზი ქალაქი და ვფიქრობ, ამ პოლიტიკოსებს ამდენი პლაკატების როგორ არ რცხვენიათ?! ან ამდენი ფული საიდან აქვთ, ან როგორ აკეთებენ?! ესენი რა პარტიებია?!“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, მონაწილეობას ყველა დებატებში მიიღებს, მაგრამ სუსტი კანდიდატები მასთან კამათს ვერ შეძლებენ.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე და ბატონი დავით ბაქრაძე ჩემთან კამათს ვერ შეძლებენ. დებატებში მონაწილეობას მე მათ თქვენი ეთერით ვთავაზობ, მაგრამ წინასწარ ვიცი, ამას არ დაეთანხმებიან, რადგან ჩემთან საკამათოდ ვერ დასხდებიან. მათ თავი განსაკუთრებული ჰგონიათ, მაგრამ ხალხში ეს განწყობა არ არის“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ის ხვდება არა მომხრეებს, არამედ იმათ, ვისაც არ მოსწონს, ვისაც მასთან შეკითხვები აქვს და ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ხმა ვის მისცეს.