თემურ ქეცბაია - სასწაულია, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფამდე მივაღწიეთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - სასწაულია, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფამდე მივაღწიეთ #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „გენტთან“ 30 სექტემბრის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

ქართველმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ სეზონის დასაწყისში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, „ანორთოსისის“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა სასწაული იყო. როგორც მან აღნიშნა, ლტოლვილთა გუნდს გამოცდილი და მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს და რომ მოულოდნელი არ იქნება, თუ ბელგიურ გუნდს დაამარცხებენ.

 

– რთული თამაში გველის, რადგან ძალიან კარგ გუნდს ვხდებით. ვფიქრობ, რომ ჩვენც ძალიან კარგი გუნდი ვართ და შევეცდებით, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ.

– ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით, რაც სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე წავაწყდით, კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრა სასწაულია და ჩემი ფეხბურთელები მილოცვებს იმსახურებენ. ამ ტურნირზე მოვედით ჩვენი ღირებულებით და უკანა კარიდან არ შემოვსულვართ. ფეხბურთის სათამაშოდ კარგი პირობები უნდა არსებობდეს, რომელიც ჩვენთვის იდეალური არაა. კვიპროსზე თამაში იგივე არაა, რაც ევროპაში და მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით.

– წავაგეთ ორი ისეთი თამაში, რომელთა მოგებაც შეგვეძლო. პრობლემები შეგვიქმნა მოთამაშეთა დაგვიანებულმა შემეორთებამ. მათ საბოლოო ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.

– რაც შეეხება ჯგუფიდან „ანორთოსისის“ გასვლის შანსს, არ მინდა ასე შორს წავიდე. ვცდილობთ, კონკრეტული მატჩისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ. ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება თუ გავიმარჯვებთ, ხვალ გვეყოლება გამოცდილი და ხარისხიანი ფეხბურთელები და ჩვენს ჯგუფში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ „გელამჰო არენაზე“ მოედანი კარგია და ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ.

– როდესაც კვიპროსის შემდეგ ევროპაში გადიხარ, ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. კვიპროსში საშინელ სტადიონებზე ვთამაშობთ… ამას ფეხბურთელიც გრძნობს და მეც ვხედავ. როდესაც ამჩნევენ, რომ აქვთ ყველაფერი, რაც დიდი ფეხბურთის სათამაშოდაა საჭირო, მათთვის უფრო ადვილია თავიანთი შესაძლებლობები აჩვენონ.