თემურ ქეცბაიამ ვენის „რაპიდთან“ ევროპის ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის განმეორებით შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.
კვიპროსელებმა ავსტრიის გუნდთან პირველი მატჩი 0:3 წააგეს, თუმცა, ფამაგუსტელთა ქართველი მწვრთნელი შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს არ კარგავს.
„ეს ჩვენს მოედანზე პირველი ოფიციალური თამაში იქნება და ამოცანა ძალიან რთულია. მაგრამ მინდა ჩემს ფეხბურთელებს სჯეროდეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ ვითამაშებთ კვიპროსელებისთვის. ვთხოვთ მოთამაშეებს, მაქსიმუმი გააკეთონ. იდეალურ გარემოში არ ვართ, იცით, რა პრობლემები გვქონდა. მაგრამ ეს არ არის საბაბი, რომ მოგებაზე არ ვიფიქროთ”, – განაცხადა „ანორთოსისის“ მწვრთნელმა.
ქეცბაიას ჰკითხეს, იქნება თუ არა გუნდი უფრო აგრესიული და თამაშზე ორიენტირებული.
„ჩვენ ვიცით სირთულეები. ადვილი არ არის, როდესაც 0:3 წააგებ. მე ველი, რომ ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ და მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია. მაგრამ არავის დავპირდები, რომ ჩვენ ხუთ გოლს გავიტანთ”.
გამოიყენებს თუ არა ის უფლებას, რომ გადადოს კვიპროსის სუპერლიგის პირველი ტურის მატჩი პაეკ-თან, ქეცბაიამ ამაზეც ილაპარაკა.
„ჩვენ ვთქვით, რომ პირველ მატჩს ვითამაშებდით. ვნახოთ. რამდენიც არ უნდა ივარჯიშო, თუ არ თამაშობ, ფორმაში შესვლა რთული იქნება”.