თემურ ქეცბაია - კვარაცხელიას განეიტრალება დაგვჭირდება, დაცვაში პრობლემები რომ არ შეგვიქმნას #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - კვარაცხელიას განეიტრალება დაგვჭირდება, დაცვაში პრობლემები რომ არ შეგვიქმნას #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებთან მოახლოებულ მატჩებზე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

„ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, ამ პერიოდში თამაში არასასიამოვნოა, მაგრამ ასეა ყველასთვის. რთული მატჩები გველის და იმედია, ის ათი დღე, რაც მოსამზადებლად გვქონდა, სწორად გამოვიყენეთ.

ბევრი ვისაუბრე, რომ ჩემთვის განსაკუთრებული შეხვედრა იქნება საქართველოსთან – ეს ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ უცხო ქვეყანა არც კვიპროსია. 30 წელია აქ ვარ, მეუღლე კვიპროსელია, ქალიშვილი ნახევრად კვიპროსელი და ამ ემოციების გამო რთული თამაში იქნება.

საქართველოს წინააღმდეგ დაპირისპირება ადვილი იმის გამოც არ იქნება, რომ ახლა განსაკუთრებით კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძლიერ ლიგებში თამაშობენ, მაღალ დონეზე გამოირჩევიან და ტიტულებიც მოიპოვეს.

ჯგუფში ჩვენს თითქმის ყველა მეტოქეს ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს. კვარაცხელია იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჰალანდი – ინგლისის. რა თქმა უნდა, მათი კარგად განეიტრალება დაგვჭირდება, დაცვაში პრობლემები რომ არ შეგვიქმნან.

ეროვნულ ნაკრებში მოთამაშეები მუდმივად იცვლებიან. ჩვენ ვაძლევთ საუკეთესოებს შესაძლებლობას, რომ აჩვენონ, რისი ღირსები არიან. ჩემი წინადადებით, ნაკრების კაპიტნად გრიგორის კასტანოსი გახდა, რადგან ის გუნდის ლიდერია, მან ეს აჩვენა ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებში. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

გვინდა, რომ საქართველოსთან შეხვედრაზე რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. შემდეგ ნორვეგიაში ვთამაშობთ. ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა მათი მოგვარება და ასეთ პირობებში საუკეთესო შედეგის მიღწევა უნდა ვისწავლოთ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.