თემურ ქეცბაია - კონფერენს ლიგის ჯგუფში მოსახვედრად ხალხის თანადგომა დაგვჭირდება #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - კონფერენს ლიგის ჯგუფში მოსახვედრად ხალხის თანადგომა დაგვჭირდება #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბერ-შევას „ჰაპოელთან“ კონფერენსლიგის პირველი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა გასვლაზე ჩაატარა და 0:0 დაასრულა.

„გამარჯვებული ორი თამაშის შედეგად გამოვლინდება. მეტოქე ზეწოლას ცდილობდა, მაგრამ ჩვენც გვქონდა შესაძლებლობები, შესაძლოა მეტოქეზე უკეთესიც. ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. 0:0 კარგი შედეგია, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ გასვლაზე თუ გავიმარჯვებდით, ჯგუფში შესვლის უფრო მეტი შანსი გვექნებოდა. კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა განმეორებით შეხვედრაში გულშემატკივრის თანადგომის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა.

„ხალხი სტადიონზე უნდა მოვიდეს და ამით სირთულეები გაგვიადვილოს. მოედანზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს პირველი მატჩია. მჯერა, როგორც „რაპიდთან“ მეორე თამაშში, ჩვენ ახლაც თავს კარგად წარმოვაჩენთ. ნახეთ, ისრაელში სტადიონზე რაც ხდებოდა. ჩვენი გულშემატკივარიც უნდა მოვიდეს და ჯგუფში მოსახვედრად და მატჩის მოსაგებად მეორე შეხვედრაზე „ანტონის პაპადოპულოს არენამ“ მხარი უნდა დაგვიჭიროს. ეს მატჩი დიდი შესაძლებლობაა სტადიონის შესავსებად”.

ქეცბაია საკუთარი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

„დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმის გამეორებისთვის, რაც წლების წინ შევძელით და ჯგუფში მოვხვდით. თავიდანვე ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენ ეს შეგვიძლია”.

კონფერენსლიგის განმეორებითი მატჩი „ანორთოსისსა“ და ბერ-შევას „ჰაპოელს“ შორის კვიპროსში შედგება – მატჩი ლარნაკას „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ 26 აგვისტოს გაიმართება.