ნიქოზიაში „აპოელთან“ კვიპროსის სუპერლიგის მე-16 ტურში გამარჯვების (2:0) შემდეგ „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თავისი გუნდი შეაქო.
„ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ვამაყობ მათით. გვქონდა გეგმა ამ მატჩისთვის და გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ორი გოლი გავიტანეთ. „აპოელის“ ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ გამარჯვება დამსახურებული იყო. სტადიონი ბედნიერებმა დავტოვეთ. ეს ადვილი მატჩი არ იყო. ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ.
როდესაც დიდ მეტოქეს ამარცხებ, მოთამაშეთა მენტალიტეტი იცვლება და ძლიერდება. დღეს ვაჩვენეთ, რომ არც ერთი გუნდის არ გვეშინია.
დღეს შემადგენლობაში რამდენიმე კვიპროსელი ფეხბურთელი გვყავდა და ამაზეც ვმუშაობთ. თუ ვინმე იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს. ყველა ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ სათამაშოდ მზადაა, როცა ამის საშუალება ეძლევა.
ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ „აპოელი“ თავიდანვე ძლიერ ზეწოლას მოახდენდა, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია. მაგრამ მათი შეტევები შევაკავეთ და გოლი გავუტანეთ. ასეთივე სცენარი გამეორდა მეორე ტაიმშიც. „აპოელის“ ზეწოლას გავუძელით, მეორე გოლიც გავიტანეთ და მერე ყველაფერი გაგვიადვილდა“.
ქართველი მწვრთნელის გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ 10 თამაში წაუგებლად თამაშობს და ეს შედეგშიც აისახა – „ანორთოსისი“, რომელიც შემოდგომაზე აუტსაიდერებში იყო, 21 ტურის შემდეგ 37 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა და „აპოელი“ (36) მესამე ადგილზე დააქვეითა.