თემურ ქეცბაია „ანორთოსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიმიღია
თემურ ქეცბაია „ანორთოსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიმიღია

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „ნეა სალამინასთან“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც მას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს.

„ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, ყოველთვის კარგია, როდესაც არც ვუშვებთ გოლს და არც საგოლე მომენტებს. ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ და კარგად ავთამაშდით. გამარჯვება მნიშვნელოვანია, მე მხოლოდ ეს მაინტერესებს“, – ამბობს ქეცბაია.

მას შესაძლო ტრანსფერებზეც ჰკითხეს: „ბევრი სახელი გაჟღერდა. მე არაფერს ვიტყვი. სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე დრო ჯერ კიდევ გვაქვს და ვნახავთ, ვის დავიმატებთ“.

ქეცბაიამ უარყო გავრცელებული ხმები, რომ „ანორთოსისის“ დირექტორთა საბჭომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა: „გუნდს ჩემთან ოფიციალური წინადადებით არ მოუმართავს. ჩემი და ყველა მწვრთნელის შრომა შედეგებით ფასდება. ახლა ჩემს საქმიანობას მიკროსკოპით სწავლობენ“.