რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის და კიდევ სამი პირის მიმართ საქმის არსებითი განხილვა განახლდა. პროცესს თავად თემურ აბაზოვიც ესწრება. მას 13 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. ბრალდების მხარეს დღეს სამი მოწმე ყავს წარმოდგენილი. ისინი ქვემო ქართლის პროკურატურის ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს საქმის გამოძიებაში.
სხდომის დაწყებამდე თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, მართლმსაჯულება გაამართლებს.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულების ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.