„ტელეგრამის“ დამფუძნებელი რუმინელ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის საგარეო დაზვერვის უფროსი რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე იმყოფებოდა
სოციალურ ქსელის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი ერთ-ერთ რუმინელ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის საგარეო დაზვერვის უფროსი ნიკოლა ლერნერი რუმინეთში იმყოფებოდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე.
ამის შესახებ პაველ დუროვი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.
მანამდე პაველ დუროვმა ნიკოლა ლერნერი ზეწოლაში დაადანაშაულა „ტელეგრამში“ რუმინეთის არჩევნების წინ კონსერვატიული ხმების აკრძალვის მიზნით. აღნიშნული ბრალდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო.
„ჟურნალისტ მარიუს ტუკას ოფიციალურმა წყარომ უთხრა, რომ საფრანგეთის საგარეო დაზვერვის უფროსი ნიკოლას ლერნერი, რომელმაც მთხოვა „ტელეგრამში“ რუმინეთის არჩევნებამდე კონსერვატიული ხმების გაჩუმება (რისი უარყოფაც მოგვიანებით სცადა), რუმინეთში იმყოფებოდა არჩევნებამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე. „ჩვენ ადგილზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ რუმინეთის მომავალი პრეზიდენტი პროევროპელი იყოს“, – განუცხადა მაკრონის უახლოესმა მოკავშირემ და პარტიის საკვანძო წევრმა, ვალერი აიერმა „ფრანს ინფოს“ 10 მაისს. მაშ, რას აკეთებდა საფრანგეთის დაზვერვის ხელმძღვანელი რუმინეთში ამ დაპირებიდან რამდენიმე დღეში?“ – წერს პაველ დუროვი.
რუმინეთში 18 მაისს ჩატარებული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა. მისი მეტოქე ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერი ჯორჯე სიმიონი იყო.
რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პირველი ტურის შედეგები, რომელთა მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებდა.
პაველ დუროვი ამჟამად საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. „ტელეგრამში“ ორგანიზებული დანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში მას საფრანგეთის დატოვება აქვს აკრძალული. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პარიზში, სასტუმრო Crillon-ში ცხოვრობს.