„ტელეგრაფი“ – დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციასთან უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, მარ-ა-ლაგოს მახლობლად სარაკეტო თავდაცვის ორი სისტემა განათავსეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციის, მარ-ა-ლაგოს მახლობლად, მიწა-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის ორი სისტემა განათავსეს.
„ტელეგრაფი“ აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი უწყება „გაზრდილი საფრთხის პირობებში“ მუშაობს და დაცვის ზომებს მუდმივად აძლიერებს.
„აშშ-ის საიდუმლო სამსახური გაზრდილი საფრთხის პირობებში მუშაობს. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ თავდაცვის ოპერაციებს და ვიყენებთ უახლეს საშუალებებს, ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იმ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელთა დაცვაც გვევალება“, – განუცხადა სამსახურმა „ტელეგრაფს“.
მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახურის მოთხოვნით, მარ-ა-ლაგოს გარშემო ტრამპის ვიზიტის დროს საჰაერო სივრცე შეზღუდულია.
სამსახურმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დაცვას, წელს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ საფრთხეები 40 პროცენტით გაიზარდა.
„ტელეგრაფი“ წერს, რომ გაზრდილი საფრთხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი მიიჩნევა, თუმცა, ბოლო წლებში, აშშ-ის მოქალაქეების მიერ ტრამპის მკვლელობის რამდენიმე მცდელობა მოხდა.