„ტელეგრაფი“ - „ბიბისიმ“ აღიარა, რომ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, ტრამპმა ერთ-ერთი კრიტიკოსისთვის სახეში სროლისკენ მოუწოდა, თუმცა ტელეკომპანიას საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია
BBC-მ აღიარა, რომ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა მისი ერთ-ერთი კრიტიკოსისთვის სახეში სროლისკენ მოუწოდა,- ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.
გამოცემის ცნობით, BBC News-ის შიდა ჯგუფებში ნათქვამია, რომ ამბის გაშუქება არაზუსტი იყო, თუმცა საჯაროდ არანაირი შესწორება არ გაკეთებულა.
The Telegraph-ის ცნობით, საქმე ეხებოდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილისა და დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი მოწინააღმდეგის, ლიზ ჩეინის შესახებ განცხადებას.
გასული წლის ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე BBC World News America-ს წამყვანმა აღნიშნა, რომ განცხადებაში ტრამპი, „როგორც ჩანს, ლიზ ჩეინის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პოზიციის გამო მისთვის სროლას ვარაუდობდა“.
იმავე საღამოს, გადაცემა Six O’Clock News-ში გამოსვლისას, BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის რედაქტორმა, სარა სმიტმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი „ძალადობრივ რიტორიკას ამძაფრებდა“.
The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ, სინამდვილეში, დონალდ ტრამპმა ლიზ ჩეინი „ომის რადიკალურ მომხრედ“ მოიხსენია, რომელსაც ჯარის ომში გაგზავნა სურს და თქვა: „მოდი, ჩავსვათ თოფთან, ცხრა ლულით, რომელიც მისკენ ისვრის, კარგი? ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს, როცა ამდენი იარაღი სახეში აქვს დამიზნებული“.
გამოცემის ცნობით, შიდა დოკუმენტის მიხედვით, BBC News-მა აღიარა, რომ ლიზ ჩეინის ისტორია ზუსტად არ გააშუქა, თუმცა საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია.