„თელავში“ საკადრო სიახლეებია - გუნდი ხუთმა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT
„თელავში“ საკადრო სიახლეებია - გუნდი ხუთმა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „თელავში“ მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია. გუნდი ერთდროუალად ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა – ზაზა ციცქიშვილი, ვუგარ ბაიბალაევი, გიორგი ჩოჩიშვილი, რევაზ ინჯგია და ილია ბერიაშვილი კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ. „თელავი“ მადლობას უხდის ზემოხსენებულ ხუთივე ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობილია, რომ 22 წლის ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშებს. 20 წლის შემტევი რევაზ ინჯგია კვიპროსშია და ლიმასოლის „აპოლონს” შეუერთდა. 26 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი კარიერას ყაზახეთის „აქტობეში“ განაგრძობს.

27 წლის აზერბაიჯანელი ლეგიონერი ვუგარ ბაიბალაევი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 23 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი სავარაუდოდ, უცხოეთში ითამაშებს.