თელავში ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს
თელავში ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

ოპოზიციის მხარდამჭერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თელავში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ერთიანი საქართველოს“ მხარდამჭერები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოსთვის“ წევრები.

მათ ჯერ თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა სამართალდამცველებმა  ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ სამი დღის წინ თელავის თეატრთან გაშლილ კარავში მყოფ პირებს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები ემუქრებოდნენ და მათზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს. აქციის მონაწილეებმა ინციდენტის დროული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.

შს სამინისტროს ინფორმაცით, თელავის თეატრის წინ ინციდენტზე, რომლის დროსაც ერთ-ერთ მოქალაქეს აქტივისტების მიერ გაშლილ კარავში მყოფ პირებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა,  დაწყებულია  საქმის შესწავლა ადმინისტრაციული წესით.