„თელავს“ გულშემატკივრები შეხვდნენ - ორ ფეხბურთელს საიუბილეო მაისურები უსახსოვრეს #1TVSPORT
„თელავი“ 6 აპრილს, ეროვნული ლიგის გამოტოვებულ შეხვედრას წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართავს. მატჩი „კავკასიონი-არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდი თელავში დაბრუნდა და წყალტუბოს „სამგურალთან” მატჩისთვის „კავკასიონი არენაზე“ აქტიურად ემზადება. ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელები თელაველ ქომაგებს შეხვდნენ.
„თელავის“ პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მოთამაშეები გულშემატკივრებმაც გაამხნევეს, შეხვდნენ შეძახილებით და სიმღერებით შეხვდნენ. გარდა ამისა, „თელავის“ ორ მოთამაშეს, ფირუზ მარაქველიძეს და მირიან ჯიქიას „თელავში“ ჩატარებული 100-100 მატჩისთვის სპეციალური მაისურები უსახსოვრეს.
ფირუზ მარაქველიძე 27 წლის მცველია, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზეც ხშირად თამაშობს. ის „თელავში“ 2017 წელს „ლიახვიდან“ გადავიდა. მანამდე უთამაშია „დინამო თბილისი 2“-ში, „ზესტაფონში“, მარტვილის „მერანში“. მიმდინარე სეზონში ოთხი თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
მირიან ჯიქია 31 წლისაა. ამპლუით ნახევარმცველი მარაქველიძესავით უნივერსალია და მცველადაც თამაშობს. „თელავში“ 2018 წლიდანაა, მანამდე 2012-2016 წლებში ცხინვალის „ლიახში“ თამაშობდა.