„თელავმა“ სეზონი მოგებით დაიწყო - მწვრთნელი ფეხბურთელთა მონდომებით კმაყოფილია #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“, ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის თავკაცობით, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და თბილისის „შევარდენი 1906“ დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში გამართული შეხვედრა „თელავმა“ შერეული შემადგენლობით ჩაატარა. ჭელიძემ შანსი ყველას მისცა – იყვნენ ძველებიც, პოტენციური ახალწვეულებიც და გასინჯვაზე მყოფებიც. ეროვნული ლიგის გუნდში თავი ნოდარ თუთაშვილმა, გიორგი კვერნაძემ, იმედა აშორტიამ და მასუაბი კოტომ გამოიჩინეს.
„რა თქმა უნდა, პირველი მოგება ყოველთვის სასიხარულოა. ტესტ-მატჩი იყო, მაგრამ „თელავის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ეს თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ და ცხადია, გამარჯვება ძალიან გამიხარდა. მოსამზადებელ ეტაპზე მინდოდა, ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობები მაქსიმალურად მენახა – მატჩი ძლიერი დატვირთვების ფონზე გვქონდა და ბიჭებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მთლიანობაში მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.
– რა თქმა უნდა, გვქონდა ხარვეზებიც, რაც ბუნებრივია – ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს და სამუშაოც საკმაოდ გვაქვს, რომ ეს შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და აღმოვფხვრათ. მიმდინარეობს გუნდის შენება, ვყალიბდებით და ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში იყოს სანახაობრივი, ხარისხიანი და შედეგიანი. ბოლოს იმ ბიჭებზე ვიტყვი, ვინც დარჩა „თელავში“ – მიხარია და ძალიან სასიამოვნოა მათთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ჯერაც ერთმანეთის გაცნობის პროცესში ვართ, მაგრამ ვგრძნობ და ვხედავ, როგორი პროფესიონალები და კლუბის ერთგულები არიან, ეს კი ძალიან დასაფასებელია და მჯერა, მათი საქმისადმი დამოკიდებულება ძალიან წაგვადგება“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ.