სეზონის განახლებამდე „თელავმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და ჟონელ დეზირე დაიმატა – ინფორმაციას „თელავის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 26 წლის ჰაიტელი თავდამსხმელი ჟონელ დეზირე დაიცავს. ფეხბედნიერი იყოს, ჟონელ, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
ჟონელ დეზირე დაიბადა 1997 წლის 12 თებერვალს. 180 სმ სიმაღლის მოთამაშე ამპლუით თავდამსხმელია. სამშობლოში სამი კლუბის – „მირაბელაისის“, „კაპუაზეს“ და „რეალ მონარხსის“ ღირსებას იცავდა, შემდეგ სომხეთის პრემიერლიგაში – „ლორში“ და „პიუნიკში“ გამოდიოდა. 2022 წელს კვიპროსის ჩემპიონატის მონაწილე ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“ ჩაირიცხა, მაგრამ წელს ისევ სომხეთში დაბრუნდა და „ურარტუში“ თამაშობდა.
ჟონელ დეზირე იყო ჰაიტის 17 და 20-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ხოლო 2015 წლიდან ეროვნული გუნდის წევრია, რომლის ფორმითაც 21 მატჩი გამართა და სამი გოლი გაიტანა.
რაც შეეხება „თელავის“ ახალწვეულის ტიტულებს – არის ჰაიტის ჩემპიონი და თასის მფლობელი, „პიუნიკის“ შემადგენლობაში კი სომხეთის ვიცე-ჩემპიონი და თასის ფინალისტი იყო.