საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო და ამხანაგური მატჩი გამართა – გიორგი მიქაძის გუნდი „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
„თელავმა“ ჩემპიონატისთვის სამზადისი 11 ივლისს განაახლა და სომხურ კლუბთან შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გიორგი მიქაძის გუნდი სომხეთის პრემიერლიგის „არარატ-არმენიას“ თბილისში, დიღმის ოლიმპიურ ცენტრში შეხვდა და იმედა აშორტიას გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა.
„თელავმა“ სომხებთან ორივე ტაიმში შერეული შემადგენლობით ითამაშა და მთლიანობაში, ლეგიონერებით სავსე „არარატ-არმენიასთან“ სპარინგი ნაყოფიერად გამოიყენა.
„თელავი“ საკონტროლო მატჩებს კიდევ გამართავს, ისევე როგორც საქართველოში შეკრებაზე მყოფი „არარატ-არმენია“, რომელმაც შემდეგი მატჩი ბოლნისის „სიონთან“ დაგეგმა.
ეს ის გუნდია, რომელმაც 2019 წელს „საბურთალო“ ევროპის ლიგის პლეი-ოფიდან გამოაგდო, მაგრამ მას შემდეგ ერევნელები საკმაოდ დასუსტდნენ – გასული სეზონი სომხეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე დაასრულეს და მიმდინარე სეზონშიც იგივე პოზიციაზე არიან.