თელავის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თელავის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თელავის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა” და „ევროპული საქართველოს” დეპუტატებს შორის შელაპარაკებას ხმაური მოჰყვა.

სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი სოფელ რუისპირის შიდასაუბნო გზების მოასფალტების თანხის ორი სხვა სოფლის სტადიონის კეთილმოწყობისთვის გადამისამართება გახდა. 

ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა სოფლისთვის განსაზღვრული თანხის გადამისამართება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს.

„იმის გამო, რომ აღნიშნულ სოფელში არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა, სოფელი ისჯება, მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. თუ გზისთვის ეს თანხები არასაკმარისია, იქნებ წყლის სისტემის მოსაგვარებლად გამოგვეყენებინა. სხვა სოფელზე რატომ მიმართეს თანხა, რომლის გამოყენება სხვა მიმართულებით შეგვეძლო?“,- განაცხადა სხდომაზე სოფელ რუისპირის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოძრაობა ,,ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ნაცარაშვილმა.

„ევროპული საქართველოს” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლელა მენთეშაშვილმა მმართველი პარტია მათი პარტიის წევრების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ოპონენტების ბრალდებებს საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლოშვილმა პიარზე გათვლილი დემაგოგია უწოდა.

თელავის საკრებულომ საკითხი კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.