თელავის საფეხბურთო სკოლას ახალო წარსულში ცნობილი მეკარე გიგა იაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა წარუდგინა.
„თელავი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქალაქია. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტის, მათ შორის ფეხბურთის განვითარება, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. ძალიან მალე თელავს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი, სადაც არაერთ შეხვედრას ვუმასპინძლებთ. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფეხბურთის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
გიგა იაშვილი 36 წლისაა. თავად საკმაოდ ცნობილი მეკარე იყო და რამდენიმე წელი ეროვნულ ლიგაში სხვადასხვა კლუბის ფორმით თამაშობდა. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ პლაჟის ფეხბურთის კლუბ „თელავში“ გამოდიოდა.
ის დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშის, სანდრო იაშვილის ძმაა, რომელიც „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საქართველოს ჩემპიონი (2009/2010) და საქართველოს სუპერთასის (2006, 2011) მფლობელი, 2007 წელს – უმაღლესი ლიგის ბომბარდირი.