თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში დაკავებული შმაგი (ასლან) მუთოშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ათი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე და მუთოშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატი ბაადურ გულიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

გამოძიება შმაგი (ასლან) მუთოშვილს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილზე და მის საცხოვრებელ სახლზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას ედავება. გამოძიება სსკ-ის 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების) მუხლებით მიმდინარეობს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს ჩაინიშნა.