საფეხბურთო კლუბი „თელავი“ კიდევ ორმა მოთამაშემ დატოვა – კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ახალ გუნდებში ფირუზ მარაქველიძე და იმედა აშორტია ითამაშებენ.
„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 27 წლის მცველს, ფირუზ მარაქველიძეს და 25 წლის თავდამსხმელს, იმედა აშორტიას დაემშვიდობა. გუნდიდან ნებისმიერი ფეხბურთელის წასვლა, ბუნებრივია, მტკივნეულია, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია იმათთან განშორება, ვინც წლების მანძილზე ერთგულად, სიყვარულით იდგა და იბრძოდა ჩვენი გუნდის, იგივე ჩვენი დიდი ოჯახის საკეთილდღეოდ. მადლობა ფირუზ, მადლობა იმედა! მადლობა გვერდში დგომისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, გვიყვარხართ და გაფასებთ“, – წერია „თელავის” პრესსამსახურის განცხადებაში.
ორივე მოთამაშის ახალი კლუბიც ცნობილია – „თელავის“ ფეხბურთელები კარიერას უცხოეთში ერთად გააგრძელებენ – მათ კონტრაქტები აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დაბრუნებულ თოვუზის „თურანთან“ გააფორმეს.
მეორე წრის შემდეგ „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კიდევ ოთხ ფეხბურთელს დაემშვიდობა – 25 წლის კაპიტანი ანტონ თოლორდავა სერბულ „რადნიჩკიში“ გადავიდა, 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქანთარია აზერბაიჯანულ „ქიაფაზში“ ჩაირიცხა, 25 წლის თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი „საბურთალოში“ დაბრუნდა, ხოლო 29 წლის ნახევარმცველის, ბიძინა მახარობლიძის ახალი გუნდი ჯერ უცნობია.