სიმბოლური საჩუქარი ოთხეულს - „თელავმა“ მოთამაშეები 100-ნომრიანი მაისურებით დააჯილდოვა #1TVSPORT
სიმბოლური საჩუქარი ოთხეულს - „თელავმა“ მოთამაშეები 100-ნომრიანი მაისურებით დააჯილდოვა #1TVSPORT

საბურთალოსთან“ ეროვნული ლიგის ბოლო მატჩის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დირექტორმა, სოსო გრიშიკაშვილმა ოთხ მოთამაშეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

გუნდის კაპიტანი ანტონ თოლორდავა, მეკარე ლუკა სანიკიძე და მცველები, ფირუზ მარაქველიძე და მირიან ჯიქია სპეციალური, 100-ნომრიანი მაისურებით დააჯილდოვეს – მათ „თელავის“ ღირსება 100-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვეს.

ანტონ თოლორდავა ცენტრალური მცველია. 25 წლის ფეხბურთელი გუნდში დაარსების დღიდან თამაშობს. 2021 წელს ესტონურ „ლევადიაში“ გადავიდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა და ამჟამად „თელავის“ კაპიტანია. მიმდინარე სეზონში გუნდში 9 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

მეკარე ლუკა სანიკიძე „საბურთალოს“ აღზრდილია. 23 წლის კიპერი „თელავში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. ახალ სეზონში „თელავის“ კარში 7-ჯერ იდგა. იყო საქართველოს 20 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

27 წლის ფირუზ მარაქველიძე მცველია. კარიერა დაიწყო თბილისის „დინამო 2“-ში, შემდეგ იყო „ზესტაფონი“, მარტვილის „მერანი“, „ლიახვი“, საიდანაც 2017 წლის ზაფხულში „თელავში“ გადავიდა და გუნდთან ერთად გაიარა გზა დაბალი ლიგიდან ეროვნულ ლიგაში გადასვლამდე. მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ყველა 9 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

იუბილართა ოთხეულში ყველაზე გამოცდილი მირიან ჯიქიაა, რომელიც „თელავში“ დაარსების დღიდან თამაშობს. 31 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა.