„თელავის“ მთავარი მწვრთნელი - კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ტესტ-მატჩი გამართა და ლიგა 2-ის წარმომადგენელი „რუსთავი“ 2:0 დაამარცხა. დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში გამართულ მატჩში გოლები ლაშა კოხრეიძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.
შეხვედრა „თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა და მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა:
„მეორე ამხანაგური თამაში იყო და ვგრძნობ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. რა თქმა უნდა, ხარვეზები გვაქვს, მაგრამ მინდა, ბიჭებს გაწეული მძიმე შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა მოვუხადო – ყველანაირად ცდილობენ, თამაშის დროს მინდორზე ზედმიწევნით გადაიტანონ ის, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ“, – განაცხადა გიორგი ჭელიძემ.
„თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე მოთამაშე დაიმატა – ლაშა ქოჩლაძე, მიხეილ ერგემლიძე, ბიძინა მახარობლიძე.
მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ახალწვეულებზეც გააკეთა:
„მიხარია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლაც კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, რაც გუნდს აშკარად დაეტყო. პლუს, ჯერ კიდევ გვაქვს იმის დრო, რომ კვალიფიციური ფეხბურთელები კიდევ მოვიწვიოთ. ამ ეტაპზე, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა, არც უკმაყოფილო ვარ – ყველა შეძლებისდაგვარად იხარჯება და მუშაობს. რა თქმა უნდა, ყველასგან გაცილებით მეტს ველოდები და ვხვდები, აშკარად მეტი შეუძლიათ. ჩემი პრინციპი ერთია: შრომას მაქსიმალურად მოვითხოვ ყველა მოთამაშისგან და მინდა, ბოლომდე დაიხარჯონ“.